კორონავირუსი და ეკლესია

მიტროპოლიტი იობი: Covid 19-ით მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი ქვეყნიდან უკვე უნდა გავიდნენ

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტმა იობმა 15 აპრილის ქადაგებაში თქვა, რომ ახალი კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსია, რომელიც საშიშროებას არ ქმნის, დაღუპულები კი მოხუცები არიან, რომლებიც "ქვეყნიდან უკვე უნდა გავიდნენ".

"ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა მთელი სამყარო. საქართველო, მათ შორის. უფრო მეტი საშიშროება და მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ აბორტი არ ჩატარდეს. მსხვერპლი არის ამით.თუ ჩვენ დავაკვირდებით, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან. დაუბადებელ ჩვილზე არავინ ფიქრობს. რატომ ასეთი საგანგებო მდგომარეობა არ იქმნება იმისთვის, რომ ჩასახული ბავშვები დაიბადონ.

ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა",- თქვა მან.

მიტროპოლიტი იობი, ისევე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალიერარქთა უმრავლესობა, მათ შორის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მოსახლეობას კანონდარღვევისა და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნისკენ უბიძგებს ზიარებასა და ლოცვებზე დასწრებისკენ მოწოდებებით.

ახალი კორონავირუსი ინფექციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პანდემიად გამოცხადდა. Covid 19 ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით, ყველა აქამდე ცნობილ ვირუსზე მარტივად გადადის და განსაკუთრებულ საფრთხეს ასაკით უფროს ადამიანებს, ასევე, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პირებს უქმნის.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები, შეჩერებულია არაერთი ბიზნესის ფუნქციონირება, ჩაკეტილია ქალაქები, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამასთან, მოქმედებს კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და მისი დარღვევისთვის გამოწერილია დაახლოებით 10 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონს და ყველა დადგენილ წესს უგულებელყოფს და მას პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. მიუხედავად ექიმების განცხადებებისა, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება და ჯანდაცვის სისტემა შექმნილ ვითარებას ვერ გაუმკლავდება, ეკლესია წირვა-ლოცვებს ჩვეულებრივ აგრძელებს და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებს.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 128 ათასზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა 15%-ს 80 წელს გადაცილებული ადამიანები შეადგენენ.

საქართველოში, 15 აპრილის 17:00 საათის მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 306 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, დაიღუპა - 3.

კომენტარები