კორონავირუსი და ეკლესია

თეოლოგ გოჩა ბარნოვის თქმით, საპატრიარქოს გაკრიტიკების გამო, უცნობი პირი მას თავს დაესხა

ფორმულა

თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ საპატრიარქოს გაკრიტიკების გამო, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ. 

"სამშაბათს, დაახლოებით, 8-ის ნახევრისკენ ინტერვიუ მქონდა ტვ პირველთან მუხიანში, ჩემს სახლთან ახლოს. ინტერვიუს დასასრულს ჩემთან მოვიდა უცნობი ადამიანი, რომელმაც დამიწყო ლაპარაკი. ის, თუ არ ვცდები, ნასვამ მდგომარეობაში იყო. მეკითხებოდა, რატომ, რა უფლებით ვაძლევ ინტერვიუს, რატომ ვაკრიტიკებ საპატრიარქოს და რომ ეს ინტერვიუები აღარ უნდა მივცე. მე მას ვკითხე, ვინ იყო და ამ კითხვის შემდეგ დამარტყა,"- უთხრა ბარნოვმა ტელეკომპანია ფორმულას. 

თეოლოგმა სამართლდამცველებს საჩივრით უკვე მიმართა. ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გოჩა ბარნოვმა ტვ პირველის ეთერში საპატრიარქო ახალი კორონავირუსით გათვალისწინებული შეზღუდვების არშესრულების გამო გააკრიტიკა. კერძოდ იმის, რომ ეკლესია, კომენდანტის საათის მიუხედავად, მაინც აპირებს ხალხმრავალი სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას. 

"ეკლესია ამბობს, რომ მე არ მაინტერესებს შენი კომენდანტის საათი, მე ჩვეულებრივად ჩავატარებ ღამისთევის ლოცვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიას არ აინტერესებს სახელმწიფოს და ხელისუფლების ინტერესები, რომელი ხელისუფლებაც აბსოლუტურად იმპოტენტია ამ ინსტიტუციასთან მიმართებით.

ამასთან, ეკლესია, საპატრიარქო სამაგიეროს უხდის ხელისუფლებას ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, რადგანაც ხელისუფლებას არ ან ვერ შეკერა ეს საქმე ისე, როგორც აწყობდა ეს საპატრიარქოს,"- თქვა ბარნოვმა იმ ინტერვიუში, რომლის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

კომენტარები