ტრამპი Covid-19-ის ვუხანის ლაბორატორიიდან წარმოშობის ვერსიაზე: ვიძიებთ ამ საკითხს

დონალდ ტრამპი / სი ძინპინი

15 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ცდილობს გაიგოს, კორონავირუსის წარმოშობა ვუხანის ლაბორატორიასთან კავშირში იყო თუ არა. ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პეკინს მოუწოდა, რომ არაფერი  დაემალა.

ტრამპს პრესკონფერენციაზე ვირუსის ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ ჰკითხეს, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციის შესახებ იცოდა:

"ჩვენ ძალიან საფუძვლიანად ვიძიებთ ამ საშინელ სიტუაციას, რაც მოხდა".

აშშ-ის პრეზიდენტს ასევე კითხეს, ეს საკითხი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან განხილული ჰქონდა თუ არა, რაზეც განაცხადა - "მე არ მსურს განვიხილო, თუ რა ვესაუბრე მას ლაბორატორიაზე, მე უბრალოდ არ მსურს ამის განხილვა, ეს ახლა შეუსაბამოა".

ტრამპის პრესკონფერენციის შემდეგ, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მათ იცოდნენ, ეს ვირუსი ჩინეთის ქალაქ ვუხანში წარმოიშვა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი ე.წ. სველი ბაზრიდან რამდენიმე მილის მოშორებით მდებარეობდა.

თებერვალში კომუნისტური ჩინეთის სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი, ვუხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა უარყო, რომ ვირუსი ხელოვნურად შექმნა ან ვიურსმა გაჟონა. 

გაერთიანებული შტაბის უფროსების თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილმა, 14 აპრილს განაცხადა, რომ კორონავირუსი სავარაუდოდ ბუნებრივად წარმოიქმნა, თუმცა არც ამ ვერსიაზე და არც ლაბორატორიის ვერსიაზე დარწმუნებით ვერ ისაუბრებდნენ.

აღსანიშნავია, რომ აშშ ჩინეთს ვირუსზე ინფორმაციის დამალვაში და სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს.

ტრამპმა კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ახალი კორონავირუსის სტატისტიკა ჩინეთში - "ნამდვილად გჯერათ ამ რიცხვების ასეთ დიდ ქვეყანაში, სახელად ჩინეთში? და გჯერათ რომ მათ დადასტურებულ შემთხვევებსა და გარდაცვლილებზე ზუსტი რიცხვები აქვთ? ვინმეს სჯერა ამის?"

ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც Covid-19-ით დაავადებას იწვევს, ღამურებიდან წარმოიშვა და სავარაუდოდ ღამურისგან დაავადებული სხვა ცხოველით ადმიანს გადაედო, თუმცა ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა - ვირუსით დაავადებულთა პირველი კლასტერი ამ ბაზრობას უკავშირდება. ასევე, არსებობს მოსაზრებები ვირუსის სავარაუდოდ ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვაზე - ამის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ისიც განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს კვლავ უმალავდა ინფორმაციას, რაც ვირუსით დაინფიცირების შემდგომი შემთხვევების თავიდან არიდებაში სჭირდებოდათ.

კომენტარები