ბრმა ტყვია

პოლიციელს, რომლის ბრმა ტყვიამაც ქალი იმსხვერპლა, ბრალი დაუმძიმდა

მიხა კლოტვიკი / Shutterstock

თბილისის პროკურატურამ პოლიციელს, რომლის გასროლილმა ბრმა ტყვიამაც ქალი იმსხვერპლა, ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის განცხადებით, სოსო გაბრიაძეს გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ნაცვლად, "არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობას" ედავება. მუხლი, რომლითაც პოლიციელს ბრალი წარედგინა (სსკ-ის 108-ე) განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 19 აპრილს,  ს.გ. იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში. დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ს.გ. გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში, თავისი კუთვნილი "ვიკინგ"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. შედეგად, ს.გ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში  მყოფ- თ.ა.-ს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება,  ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის 13 მასრა და ს.გ.-ს საკუთრებაში არსებული „ვიკინგის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. სროლის მანძილზე დანიშნულია ექსპერტიზა, ასევე ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ სროლის მომენტში ს.გ. საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა მარტო. მასთან სტუმრად მყოფმა პირებმა ს.გ.-ს ბინა დატოვეს სროლამდე რამდენიმე ხნით ადრე, რაც დაადასტურეს მოწმის სახით გამოკითხვისას როგორც თავად აღნიშნულმა სამმა პირმა, ასევე საცხოვრებელი კორპუსის დატოვების ფაქტი ასახულია კორპუსზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით" - აცხადებს პროკურატურა.

ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. სოსო გაბრიაძეს ბრალი წარუდგინეს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 აპრილს პოლიციელის მიერ აივნიდან გასროლილმა ბრმა ტყვიამ 50 წლის ქალი მოკლა. გარდაცვლილს ტყვია საკუთარ სახლში მოხვდა. ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელმა, სოსო გაბრიაძემ, რომლის გასროლილ ბრმა ტყვიასაც ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, აივნიდან ნასვამმა აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად გაისროლა.

კომენტარები