კორონავირუსი

ჰენკოკი: ბრიტანეთში Covid-19-ის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა 23 აპრილიდან დაიწყება

მეთ ჰენკოკი
Business Insider

ბრიტანეთის ჯანმრთელობის მდივანმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ 23 აპრილიდან ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის ვაქცინის გამოცდას დაიწყებდნენ. 

"ჩვენ ნებისმიერ ქვეყანაზე მეტი ფული ჩავდეთ ვაქცინის საერთაშორისო კვლევაში და მსოფლიოში ყველა კვლევიდან ორი წამყვანი ვაქცინის განვითარება მიმდინარეობს აქ, ჩვენთან, Oxford-სა და Imperial-ში. მე შემიძლია დავაანონსო, რომ Oxford-ის პროექტის ვაქცინის ცდები ადამიანებზე ამ ხუთშაბათიდან დაიწყება," - განაცხადა ბრიტანეთის ჯანმრთელობის მდივანმა.

მისივე განცხადებით, ჩვეულებრივ, ამ სტადიამდე მიღწევას წლები სჭირდება.

ამას გარდა, ჰენკოკმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ვაქცინის წარმოების შესაძლებლობებშიც დებს ინვესტიციას - "იმ შემთხვევაში, თუ ამ ვაქცინიდან რომელიმე უსაფრთხოდ მოქმედებს, ჩვენ შეგვეძლება ბრიტანელი ხალხისთვის ეს რაც შეიძლება სწრაფად ხელმისაწვდომი გავხადოთ".

მან აღნიშნა, რომ ვაქცინის განვითარების პროცესი არის "გამოცდა და შეცდომა და კიდევ გამოცდა - ეს არის ვაქცინების განვითარების ბუნება".

ბრიტანეთის ჯანმრთელობის მდივანმა ვაქცინის განვითარებაზე მომუშავე მეცნიერებს პირობა მისცა, რომ მხარს დაუჭერენ და ყველა რესურს მისცემენ, რათა წარმატებას მიაღწიონ - "რაც შეიძლება მალე".

ჰენკოკმა თქვა, რომ გაერთიანებულ სამეფოში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წამყვანი განმავითარებლები, ლონდონის იმპერიული კოლეჯი და ოქსფორდის უნივერსიტეტი, კლინიკური ცდების მხარდასაჭერად, ჯამში, 42.5 მილიონ ფუნტს მიიღებს. 

ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის გამოსავლენად 535 342 ტესტი ჩატარდა და ახალი ვირუსი 129 044 ადამაინს დაუდასტურდა, 17 337 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი კორონავირუსი 27 მარტს მეთ ჰენკოკსაც დაუდასტურდა, თუმცა რამდენიმედღიანი თვითიზოლაციის შემდეგ ის გამოჯანმრთელდა და მუშაობას აგრძელებს.

კომენტარები