კორონავირუსი

იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, დღეში ანტისხეულების 20 000 ტესტს ჩაატარებენ

FT

23 აპრილიდან ჩრდილოეთ იტალიის რეგიონში, ლომბარდიაში, ახალი კორონავირუსის ანტისხეულების აღმომჩენი ტესტების ჩატარებას დაიწყებენ.

იტალიის ოფიციალური პირების განცხადებით, ლომბარდიაში დღეში 20 000 ტესტი ჩატარდება.

ლომბარდიაში თავდაპირველად ტესტები ჩაუტარდებათ სამედიცინო პერსონალს, კორონავირუსის სიმპტომების მქონე თვითიზოლაციაში მყოფ პირებს და მათ, ვისაც კორონავირუსის სიმპტომების მქონე პირთან ჰქონდათ კავშირი.

იტალიის ეროვნული ჯანმრთელობის საბჭოს ხელმძღვანელის, ფრანკო ლოკატელის განცხადებით, ანტისხუელების ტესტები მთავრობის წარმომადგენლებს ვირუსის გავრცელების განსაზღვრაში დაეხმარებათ.

მისი განცხადებით, მონაცემებით ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებენ, რაც ქვეყნის გახსნის სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარებათ.

იტალიაში მათ, ვისაც ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები აღმოაჩნდებათ, მისცემენ ე.წ. იმუნიტეტის სერტიფიკატს, რათა სამსახურებს დაუბრუნდნენ.

იტალიაში იმედოვნებენ, რომ 4 მაისიდან საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქებას დაიწყებენ. 

იტალიის რეგიონებში, ვენეტოსა და ემილია-რომანიაში ანტისხეულების ტესტების ჩატარება უკვე დაიწყეს.

ლომბარდიაში ახალი ვირუსით დაავადება 21 თებერვალს დადასტურდა. იტალიაში ახალი კორონავირუსით ადამიანი გარდაიცვალა, აქედან დაახლოებით 13 000 ლომბარდიაში.

აღსანიშნავია, რომ ლომბარდიაში ჩატარებული მოლეკულური ტესტებიდან, ტესტირებულთა 24%-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ანტისხეულების ტესტებით, იგებენ, ადამიანის ორგანიზმს შეხვედრია თუ არა ახალი კორონავირუსი და მის წინააღმდეგ ანტისხეულები გამომუშავებული აქვს თუ არა. აღსანიშნავია, რომ უცნობია რამდენ ხანს გრძელდება ეს იმუნიტეტი და ასევე ვერ გამოვრიცხავთ, რომ უკვე დაავადება გადატანილი ადამიანი მეორეჯერ არ დაინფიცირდება.

ასევე, მას ვისაც ანტისხუელები აღმოაჩნდება, შეიძლება კვლავ დაინფიცირებული და გადამდები იყოს. ლოკატეის თქმით, ანტისხეულების ტესტებთან ერთად ნაცხის ტესტების ჩატარებაც არის საჭირო, რათა გაიგონ, ამა თუ იმ პირს ამჟამადაც აქვს თუ არა ვირუსი.

იეილის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტში განაცხადეს, რომ დაახლოებით, 2 თვეში, როდესაც ანტისხეულების მეტი ტესტი იქნება ჩატარებული, მეცნიერები უფრო ნათელ სურათს დაინახავენ.

ლონდონის უნივერსიტეტის გენეტიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, 2002-2003 წლებში სხვა ტიპის მწვავე კორონავირუსის, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის, SARS-ის ეპიდემიის დროს, მათ ვისაც ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები აღმოაჩნდათ, იმუნიტეტი 2 ან 3 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდათ. 

SARS 2002 წელს ჩინეთიდან გავრცელდა. ეს კორონავირუსი ადამიანებს, სავარაუდოდ, ციბეტინისგან გადაედო, რომელიც ვირუსით ღამურისგან დაავადდა. SARS-ით 2002-2003 წლებში 8000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა, აქედან 800-მდე პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები