კორონავირუსი და ეკონომიკა

ვაშაძე ანტიკრიზისულ გეგმაზე: მთავრობამ სასწრაფოდ დაიწყოს დღეში 6 ლარზე ცხოვრება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ქართული ოცნების ოცნებებია. მისი თქმით, მთავრობის წარდგენილ გეგმას ეკონომიკის გაჯანსაღებასთან და საქართველოს მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დაცვასთან კავშირი არ აქვს.

"ანტიკრიზისული გეგმა უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისგან - სასწრაფოდ შემსუბუქება საგადასახდო პრესის და სასწრაფოდ ლიბერალიზაცია მონეტარული პოლიტიკის, იმისთვის, რომ ასპროენტიანად დაეტყოს ეს საქართველოს მოქალაქეს, გაიზარდოს მოხმარება" - ამბობს ვაშაძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მთავრობის გეგმით, "იმ თვითდასაქმებულებმა, ვინც ყველაფერი დაკარგეს კორონავირუსის პანდემიის გამო, იატაკზე დაცემული ლარის და უზარმაზარი, გაბერილი ფასების პირობებში უნდა მოახერხონ ექვს ლარზე არსებობა".

ამიტომ, გრიგოლ ვაშაძე ქართული ოცნების დეპუტატებისგან და მინისტრთა კაბინეტისგან მოითხოვს, "სასწრაფოდ დაიწყონ დღეში ექვს ლარზე ცხოვრება".

24 აპრილს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის წინააღმდეგ შემუშავებული გეგმა წარადგინა.

  • დაქირავებით დასაქმებული ადამიანები, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, მომდევნო ექვსი თვის მანძილზე მთავრობისგან თვეში 200-ლარიან დახმარებას, ჯამში 1200 ლარს მიიღებენ. ამ დახმარებით სარგებლობას დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე შეძლებს, რაც პრემიერის თქმით, ბიუჯეტს 460 მილიონი ლარი დაუჯდება.
  • დამსაქმებლები შენარჩუნებული სამუშაო ადგილებისათვის სახელმწიფოსგან ექვსთვიან შეღავათს მიიღებენ - მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასი სრულად, ხოლო 750 ლარიდან 1500 ლარამდე ხელფასები 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. გახარიას თანახმად, ეს ბიუჯეტს 250 მილიონი ლარი დაუჯდება.
  • თვითდასაქმებულები და არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მთავრობისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, 300 ლარს მიიღებენ. მთავრობის გაანგარიშებით, ამისათვის დაახლოებით 75 მილიონი ლარი იქნება საჭირო.
  • სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000-სა და 100 ათასს შორის, 6 თვის განმავლობაში 600 ლარს, ანუ თვეში 100 ლარს მიიღებენ. ეს დახმარება 70 ათას ოჯახს - 190 ათას მოქალაქეს შეეხება. ამისთვის ბიუჯეტიდან 45 მილიონი ლარი დაიხარჯება.
  • ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 ათასამდე და ჰყავთ 3 ან მეტი, 16 წლამდე ასაკის შვილი, (რაც ნიშნავს მრავალშვილიან ოჯახს), 6 თვის განმავლობაში ასევე თვეში 100 ლარს მიიღებენ. ასეთი ოჯახების რაოდენობა 21 000 ოჯახია და ჯამში 121 ათას მოქალაქეს ეხება. ეს ბიუჯეტს 13 მილიონი ლარი დაუჯდება.
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 6 თვის განმავლობაში ასევე 100 ლარს მიიღებენ თვეში, რისთვისაც 25 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.
  • 2021 წლის იანვრიდან მთავრობა პენსიების ინდექსაციას შემოიღებს. პენსია ყველას გაეზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა. ამასთან, ინფლაციის მაჩვენებელთან ერთად, პენსია გაიზრდება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%-ით.

კომენტარები