კორონავირუსი და ეკლესია

მეუფე ნიკოლოზი კოვზზე: პრემიერი რასაც ამბობს რისკზე სწორია, რადგან საერო პოზიციიდან ამბობს

რუსთავი2

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ერთი კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია. 

"აბსოლუტურად სწორია, რასაც ამბობს [პრემიერმინისტრი გახარია] იმიტომ, რომ ის ამას საერო პოზიციიდან ამბობს და ჩვენ ამას ვამბობთ საეკლესიო და ღვთიური პოზიციიდან, რომ არ არის საფრთხის შემცველი", - თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. 

მღვდელმთავრის თქმით, პრემიერმინისტრი და ექიმები ვალდებულები არიან, რომ ეს თქვან. 

"მაგრამ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არსებობს ღმერთი, იესო ქრისტე, რომელიც თავის სისხლს და ხორცს გვაძლევს საჭმელად და სასმელად. ამაზე რას იტყვიან პრემიერმინისტრი და ექიმები? ვერაფერს ვერ იტყვიან იმიტომ, რომ ეს არის მისტიკა, ეს არის საიდუმლოება და ამ საიდუმლოების ძალით ხდება სასწაული", - თქვა მიტროპოლიტმა. 

პრემიერმინისტრმა გახარიამ ერთი კოვზით ზიარების მაღალი რისკის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, თქვა, რომ ვერ იტყვის, ერთი კოვზით ზიარებით მოხდება თუ არა ვირუსის გადატანა, რადგან ამაზე სამეცნიერო კვლევა არ ჩატარებულა. 

პანდემიისა და ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში წირვა-ლოცვა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გრძელდება ერთი კოვზით ზიარების პრაქტიკაც, რომლის შეცვლას საპატრიარქო არცკი განიხილავს. 

კომენტარები