ახალი კორონავირუსი ბრიტანეთში

ბრიტანეთში COVID-19-ით დაღუპული მედიკოსების ოჯახები 60 ათას ფუნტს მიიღებენ

მეტ ჰენკოკი
BBC

გაერთიანებულ სამეფოში COVID-19-თან ბრძოლისას კორონავირუსით დაინფიცირებული და გარდაცვლილი მედიკოსების ოჯახები მთავრობისგან 60 ათას ფუნტს მიიღებენ.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მეთ ჰენკოკმა დღეს, 27 აპრილს გამართულ ყოველდღიურ სამთავრობო ბრიფინგზე განაცხადა.

ჰენკოკის თქმით, "სიცოცხლის დაზღვევის სქემის" ფარგლებში მთავრობისგან კომპენსაციას მიიღებენ სახელმწიფო ჯანდაცვის სამსახურში და სოცმუშაკებად მომუშავეების ოჯახები, ვინც "ფრონტის წინა ხაზზე" გარდაიცვალა კორონავირუსისგან.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, "საყვარელი ადამიანის დაკარგვას ვერაფერი ჩაანაცვლებს", თუმცა სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ამ ოჯახების დასახმარებლად.

ჰენკოკის თანახმად, ბრიტანეთის მთავრობამ მსგავს სქემაში შეიძლება სხვა პროფესიების წარმომადგენლებიც ჩართოს.

ამ დროისათვის გაერთიანებულ სამეფოში ახალი კორონავირუსით 21 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. აქედან 82 სწორედ სახელმწიფო ჯანდაცვის სამსახურში მუშაობდა, ხოლო 16 სოციალურ ზრუნვას ეწეოდა.

კომენტარები