რუსული ჰიბრიდული ომი

სიბრიყვეზე გათვლილი რუსული ომი?

რევაზ თოფურია
0 კომენტარი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტერმინი ჰიბრიდული ომი ბოლო წლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლოს. ამას, ძირითადად, კრემლს უნდა “ვუმადლოდეთ”. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რუსული ჰიბრიდული ომი არამარტო ჩვენს ქვეყანაშია საკმაოდ ძლიერი, არამედ თავისუფალ სამყაროში ყველაზე გავლენიანი თანამდებობის არჩევის პროცესსაც კი დაატყო საკუთარი კვალი. მიუხედავად ტერმინის პოპულარობისა, იმის გარკვევა, თუ ზუსტად რას მოიცავს ჰიბრიდული ომი, საკმაოდ რთულია. ვფიქრობ, რომ რუსული ჰიბრიდული ომი წარმოადგენს კრემლის მიერ დივერსიული ინსტრუმენტების ფართო სპექტრის, მათ შორის სამხედრო, დიპლომატიური, ეკონომიკური, ფინანსური, კიბერ და ინფორმაციული ოპერაციების და სხვადასხვა ჯგუფების (ეთნიკური, სეპარატისტული) გამოყენებას, ზეწოლის წერტილების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც შემდგომში შეიძლება, გამოყენებულ იქნას ქვეყნის დესტაბილიზაციის, რუსეთის ეროვნული ინტერესების გატარებისთვის და/ან კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

მიუხედავად იმისა რომ ამ რთული განმარტებიდან ლამის ყველა ასპექტი (დიპლომატიურით დაწყებული, ეკონომიკურით და კიბერ ოპერაციებით დამთავრებული) საკუთარ თავზე საქართველომ არაერთხელ იწვნია, ბოლო პერიოდში რუსული საინფორმაციო ოპერაციები იქცა შეშფოთების მთავარ საგნად. იგივე ზემოთხსენებული ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაც დიდწილად საინფორმაციო ოპერაციების საშუალებით მოხდა. ამ მხრივ, რუსულ ქმედებებს ხშირად არასწორად ეძახიან "ფეიქ ნიუსებს."

"ფეიქ ნიუსი" თავისი დეფინიციით წარმოადგენს სტატიას, რომელიც მიზანმიმართულად შეიცავს მცდარ ინფორმაციას, რათა შეცდომაში შეიყვანოს მკითხველი. მსგავსი რამ შეიძლება ითქვას სატირულ და სახუმარო სტატიებზეც (მაგ. ჩიტის სტატიები), თუმცა რუსული ქმედებები ხუმრობა ნამდვილად არ გახლავთ. რუსეთის ფედერაცია საკუთარ 2014 წლის სამხედრო დოქტრინაში ღიად აცხადებს, რომ იმყოფება ინფორმაციული ომის პროცესში. მეტიც რუსეთი თავად ინფორმაციაზე აწარმოებს ომს, იყენებს რა მას იარაღად. ადგილობრივ დონეზე პუტინმა ეს ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო დამოუკიდებელ მედიასთან ბრძოლის სახით. საერთაშორისო დონეზე კი, ბოლო რამდენიმე წელია, რაც აწარმოებს მიზანმიმართულ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის ან სიმართლის დაფარვის მიზნით. მსგავს ქმედებებს საბჭოთა კავშირიც მიმართავდა და ის დეზინფორმაციის სახელით იყო ცნობილი (მაგ. აივ ვირუსის შექმნის ა.შ.შ-ზე დაბრალება), თუმცა პუტინის რუსეთი ამ ყველაფერს უფრო კოორდინირებულად და მარტივად აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით. 

დიახ, გაცილებით მარტივად. დღეს რუსეთი საკუთარი ეკონომიკური თუ სამხედრო მოცემულობებიდან გამომდინარე ირჩევს ომის წარმოების ამგვარ ნაკლებ ხარჯიან, გაცილებით მარტივ და ეფექტურ გზას. 

იმისათვის, რომ რუსული ინფორმაციული ომის წარმოების სიმარტივე და მუშაობის პრინციპი ნათლად გაჩვენოთ, რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ საკუთარ ექსპერიმენტზე გიამბობთ ერთ-ორ სიტყვას. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ინფორმაციული ოპერაციების მთავარი თემა კორონავირუსია. კრემლიც აქტიურად ავრცელებს არაერთ დეზინფორმაციას იმისათვის, რომ ანტი-ევროპული მისწრაფებები გააღვივოს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განხეთქილება შეიტანოს და მკითხველს მთლიანად აუბნიოს თავ-გზა.

გადავწყვიტე ექსპერიმენტის სახით, იმავე თემატიკით და ტაქტიკით მეცადა ბრძოლა ოღონდ კრემლის წინააღმდეგ. გავაკეთე უბრალო გვერდი ფეისბუქზე და ერთი-ორი დღის განმავლობაში ნამდვილ ნიუსებს ვაკოპირებდი სხვადასხვა გვერდებიდან. რამდენიმე დღის შემდეგ კი გვერდზე რუსეთის შესახებ მოგონილი ვრცელი დეზინფორმაცია განვათავსე არაერთი სენსაციური “ფაქტით”. სტატია ამტკიცებდა, რომ წლების წინ რუსეთის ფედერაცია იდგა ებოლას ვირუსის უკან და ამჯერად უფრო მასშტაბურ დონეზე აპირებდა ეპიდემიის გავრცელებას -კორონა ვირუსიც სწორედ რუსი მეცნიერების შექმნილი და ჩატანილი იყო უხანში. სტატია კონკრეტულ სახელებსაც იხსენიებდა და იმ ლაბორატორიის მისამართსაც "ზუსტად ასახელებდა", სადაც ვირუსი შეიქმნა. ერთი შეხედვითაც სენსაციურ ინფორმაციაზე რამდენიმეწუთიანი დაფიქრებაც ეყოფოდა მკითხველს იმის დასადგენად, რომ სტატიაში ნახსენები სახელები რუსული კომედი შოუს მსახიობებს მიეწერებოდათ და არა ვირუსის შემქმნელ მეცნიერებს. თუმცა, სამწუხაროდ ამდენი ბევრს არ უფიქრია. დეზინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჩემი თხონით, რამდენიმე მეგობარმა ყალბი ფეისბუქ პროფილების წყალობით ინფორმაცია რამდენიმე ჯგუფში გააზიარა და voila!

იცით, რა შედეგი მოჰყვა ამ უმარტივეს საქმიანობას?

ინფორმაციის დადებიდან 5 საათის შემდეგ სტატია 10 000-მა (!) ადამიანმა წაიკითხა, მაშინ როცა სხვა, ნამდვილ ნიუსების აუდიტორია 100 ადამიანს არ სცდებოდა.  

მართლაც, ტყუილი ხომ ნახევარი მსოფლიოს შემოვლას ასწრებს სანამ სიმართლე ფეხსაცმლის თასმებს იკრავს!

ორი დღის შემდეგ სტატია 40 000 ადამიანს ჰქონდა წაკითხული, რაც 7000-მდე engegament-ში გამოიხატა, მათი ნაწილი კომენტარებში გამოთქვამდა აღშფოთებას და რუსეთის ხელისუფლებას ლანძღავდა, ნაწილი ამერიკას, ნაწილი ერთმანეთს. მეტიც, 250-მა ადამიანმა სტატია საკუთარ ფეისბუქ პროფილზე გააზიარა, შეუწყო რა ხელი ამით ტყუილის უფრო ფართოდ გავრცელებას. 

ახლა წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი რუსული მასშტატებით და კრემლის ორკესტრირებით. რუსული ინფორმაციული ოპერაციების შემთხვევაში საქმეში ჩართულია უზარმაზარი ფინანსური რესურსი, ტროლ ფაბრიკები, ჰაკერებისა და ჰექლერების ქსელები, ინტერნეტ გამოცემები და ტელევიზიები. თუმცაღა, ბრძოლის მთელი ტაქტიკა ისეთივე მარტივ პრინციპზეა დაფუძნებული, როგორც ზემოთ მოყვანილ ექსპერიმენტში.  რუსების მოფიქრებული დეზინფორმაციებიც ზუსტად ასევე განციდის ფაქტების ნაკლებობას და მათი გადამოწმება ძალიან მარტივია. ინფორმაციის გავრცელებას, საწყის ეტაპზე, აქაც ყალბი ექაუნთები უწყობენ ხელს, შემდეგ ხდება ამ ინფორმაციის ატაცება კრემლის მიერ კონტროლირებადი ვებ-გვერდებით (მაგ. სპუტნიკი) და ტელევიზიებით (მაგ. RT), რათა ინფორმაცია კიდევ უფრო დიდ აუდიტორიამდე მივიდეს.

თუმცაღა, კრემლის ინფორმაციული ოპერაციების წარმატების საიდუმლო სასარგებლო იდიოტები არიან. ის ადამიანები, რომლებიც ეჭვქვეშ არ აყენებენ ინტერნეტიდან მიღებულ ინფორმაციას და მეტიც, თავადაც უწყობენ ხელს მის გაზიარებას. თუ საბჭოთა კავშირის დროს პროპაგანდა ძირითადად State-to-people პრიზმაში გვხვდებოდა, ამჟამინდელი რუსული ინფორმაციული ოპერაციები people-to-people კონტაქტზეა გათვლილი. ამ ადამიანების ავატარებს უკან ხშირ შემთხვევაში კრემლის მიერ დაქირავებული ათასობით ტროლია, რომლებიც სპეციალურად შერჩეული სენსიტიური თემებით ცდილობენ ადამიანებში ემოციური განცდების აღძვრას, პროვოცირებას და დაბნევას. 

როგორც ხედავთ, რუსული ინფორმაციული ოპერაციები საკმაოდ მარტივია და ძირითადად მკითხველის გულუბრყვილობაზეა გათვლილი.  მაშინ, როცა ჩემს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია უბრალოდ ექსპერიმენტს ემსახურებოდა, რუსეთის შემთხვევაში ინფორმაცია იარაღია, რომლის უკანაც ქვეყნების მიხედვით გათვლილი სხვადასხვა პოლიტიკური მიზანი დგას. ამიტომაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ რუსული ინფორმაციული ცივი თუ ჰიბრიდული ომის პერიოდში არ ვიქცეთ კრემლის სასარგებლო იდიოტებად, მეტი ეჭვით შევხედოთ მოწოდებულ ინფორმაციას და ემოციების ნაცვლად გონს მოვუხმოთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები