პოლიტიკური ბოიკოტი

ენმ: მოვუწოდებთ ხელმძღვანელობას, პარლამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს პარლამენტის ხელმძღვანელობას, რომ საკანონმდებლო ორგანომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში. 

პარტიის წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ დღეს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პარლამენტი უნდა მუშაობდეს განსაკუთრებული დატვირთვით და უნდა იხილებოდეს უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი ასობით ათასი მოქალაქისთვის მხარდაჭერის გეგმა.

"შეჩერებულია კონსტიტუციის მრავალი ნორმა და მათ შორის ისეთი, რომელიც პირდაპირ იცავს ადამიანის უფლებებს. ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებები და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმმა შექმნა უამრავი პრობლემა, მათ შორის ელემენტარული არსებობის უფლება ჩამოერთვა ასობით ათას ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც დარჩნენ უმუშევრები და გამოკეტილი საქართველოს ქალაქებში", - ამბობს გოცირიძე.

გოცირიძე ასევე აღნიშნავს, რომ პარლამენტმა აუცილებლად უნდა იმსჯელოს საგანგებო ბიუჯეტზე და  იმუშაოს ვირუსთან ბრძოლის წესების დაცვით.

საპარლამენტო ოპოზიცია, მათ შორის ევროპული საქართველო და ენმ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში მას შემდეგ გადავიდა, რაც უმრავლესობამ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 

8 მარტს დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია პოლიტპატიმრების საკითხი. საარჩევნო სისტემის ცვლილების გარდა, მხარეები ამ თემაზეც შეთანხმდნენ. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტა, ევროპულ საქართველოში კი ამბობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თუმცა, წერტილოვნად, გამონაკლისის სახით მიიღებენ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში ყველა იმ საკითხის განსახილველად, რომელიც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და რომელსაც გავლენა ექნება კორონავირუსის შედეგების აღმოფხვრაზე.

კომენტარები