პოლიტიკური ბოიკოტი

მდინარაძე: როცა ყველა მუშაობდა, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო და ახლა გაგიჟდნენ მუშაობაზე

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოწოდებას გამოეხმაურა, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ პარლამენტმა დაუყონებლივ უნდა დაიწყოს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა. მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ან არ ესმის საგანგებო მდგომარეობის არსი, ან ეს მოწოდება "მათი მორიგი სპეკულაციაა". 

"როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი იყო ბოიკოტის რეჟიმში და მუშაობაზე უარს აცხადებდნენ და ახლა გაგიჟდნენ მუშაობაზე, მაშინ, როცა მთელი მსოფლიო არის გადასული საგანგებო რეჟიმზე. ეს დამოკიდებულება ნიშნავს ან ძალიან დიდ დილეტანტიზმს, რომ უბრალოდ არ იციან, საგანგებო მდგომარეობის არსი ან ნიშნავს იმას, რომ ისინი მორიგ ჯერზე, როგორც ამას ხშირად აკეთებდნენ, სპეკულირებენ, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ვორდინგი აღარ ჯდება არანაირ ლოგიკაში", - ამბობს მდინარაძე.

მისივე თქმით, პარლამენტი კრიზისის მენეჯმენტში უშუალოდ ჩართულია და ჯანდაცვის მიმართულებით შემოწმებებს კლინიკის დონეზეც კი ატარებს.

"პარლამენტი მუშაობს გაცილებით მაღალ ტემპში და გაძლიერებულ რეჟიმში, ვიდრე ეს ხდებოდა ჩვეულებრივ სიტუაციაში, როცა არ იყო საგანგებო მდგომარეობა", - თქვა მდინარაძემ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ დღეს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პარლამენტი უნდა მუშაობდეს განსაკუთრებული დატვირთვით და უნდა იხილებოდეს უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი ასობით ათასი მოქალაქისთვის მხარდაჭერის გეგმა.

გოცირიძე ასევე აღნიშნავს, რომ პარლამენტმა აუცილებლად უნდა იმსჯელოს საგანგებო ბიუჯეტზე და იმუშაოს ვირუსთან ბრძოლის წესების დაცვით.

საპარლამენტო ოპოზიცია, მათ შორის ევროპული საქართველო და ენმ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში მას შემდეგ გადავიდა, რაც უმრავლესობამ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 

8 მარტს დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია პოლიტპატიმრების საკითხი. საარჩევნო სისტემის ცვლილების გარდა, მხარეები ამ თემაზეც შეთანხმდნენ. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტა, ევროპულ საქართველოში კი ამბობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თუმცა, წერტილოვნად, გამონაკლისის სახით მიიღებენ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში ყველა იმ საკითხის განსახილველად, რომელიც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და რომელსაც გავლენა ექნება კორონავირუსის შედეგების აღმოფხვრაზე.

კომენტარები