ახალი კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: სოლიდარობის კვლევის აქციაში 7 კლინიკით ვერთვებით, მთავარი რგოლი ინფექციური იქნება

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ სოლიდარობის კვლევის აქციაში საქართველოს ჩასართავად მხოლოდ ფორმალური პროცედურები დარჩა.

რუსთავი 2-ის ეთერში გაბუნიამ თქვა, რომ კვლევაში საქართველოს 7 კლინიკა მიიღებს მონაწილეობას, მთავარი რგოლი კი ინფექციური საავადმყოფო იქნება.

"კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეულია სულ 7 დაწესებულება, ეს ის დაწესებულებებია, სადაც მიმდინარეობს კოვიდის მართვა, თუმცა აქედან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი იქნება ინფექციური საავადმყოფო, რომელიც ამ კუთხით სხვა დანარჩენ კლინიკებს გაუწევს კოორდინაციას, რომ ​რემდესივირის და მკურნალობის სხვა სამი მეთოდის გამოყენება მოხდეს შესაფერის შემთხვევებში, კვლევის პროტოკოლის მიხედვით", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

მისივე განცხადებით, კვლევა ექსპერტიმენტია, რომლის ფარგლებშიც მკურნალობის 4 სხვადასხვა მეთოდი იქნება გამოყენებული. მკურნალობა ითვალისწინებს როგორც რემდესივირის, ისე პლაქველინის და აივ/შიდსის სამკურნალო პრეპარატების გამოყენებას.

"კვლევის ფარგლებში ექსპერიმენტის სახით იქნება გამოყენებული ოთხი სხვადასხვა მკურნალობის მეთოდი და მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ რემდესივირით მკურნალობა, რაც იძლევა შესაძლებლობას ქართველი პაციენტებისთვის, ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა რემდესივირზე კვლევის ფარგლებში. საბედნიეროდ, პაციენტების რაოდენობა მცირეა, თუმცა, საყურადღებოა მძიმე პაციენტების მდგომარეობაც", - თქვა გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, უწყებას ეროვნული ეთიკური საბჭოს სრული მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ კვლევა წარიმართოს შემოთავაზებული პროტოკოლით და საქართველომ პაციენტის ინფორმირებული თანხმობა მიიღოს ისე, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სთავაზობს.

სოლიდარობის კვლევის აქცია მეთოდია, რომლითაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 4 სხვადასხვა მეთოდით უმკურნალებს, მიღებულ შედეგებს შეადარებს და ამ გზით მკურნალობის ეფექტურობას შეამოწმებს. მეცნიერები ეცდებიან, გაარკვიონ, რომელი წამალი უწყობს ხელს ვირუსის მალე დამარცხებას და რომელი წამლის შედეგად უხანგრძლივდებათ პაციენტებს ავადმყოფობა. კვლევაში მრავალი ქვეყანაა ჩართული.

კომენტარები