მედპერსონალის ინფიცირება

ტიკარაძე: WHO-ს პროტოკოლთან თანხვედრის შემთხვევაში, ექიმებს ყოველ მე-7 დღეს გავტესტავთ

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, თქმით, არსებულ პროტოკოლში, მედპერსონალი წარმოდგენილია, როგორც რისკგუფი, შესაბამისად, მათ COVID 19-ზე ტესტირება ყოველ 2 კვირაში უტარდებათ. თუმცა, როგორც ტიკარაძე განმარტავს, - "შეიძლება, დადგეს განხილვის საკითხი, თუ ეს იქნება თანხვედრაში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლთან, მზად ვართ, შევცვალოთ არსებული პროტოკოლი და გადავიყვანოთ ექიმები ყოველ შვიდ დღეზე ტესტირებაზე".

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეს ჯერჯერობით განხილვის საგანია და გადაწყვეტილება მიღებული არაა. სამინისტრო გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

"რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ ვიცავთ ჩვენს ექიმებს, ექიმებს აქვთ გაცნობილი ყველა პროტოკოლი. არსებობს გარკვეული ტრენინგი, რომელიც მათ უტარდებათ და სამინისტროში არის ჩამოყალიბებული ოთხი ჯგუფი, რომელიც ინტენსიურად ატარებს ამ ტრენინგებს, როგორც სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმებისთვის, ასევე, ყველა სტაციონარში. ჩვენ ვაცნობთ ადგილზე ექიმებს ამ პროტოკოლებს. ასევე ამ პროტოკოლში დეტალურად არის გაწერილი, თუ როდის და როგორ უნდა მოიხმარონ მათ ეს პირადი დაცვის საშუალებები... საქართველოში საკმარისი რაოდენობის პირადი დაცვის საშუალებებია", - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფო დახმარების ექიმებთან გამართული შეხვედრი დასრულებისას.

საქართველოში მედპერსონალის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 72 შემთხვევაა დადასტურებული.

ქვეყანაში COVID 19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა აღწერილი, მათგან 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით ქვეყანაში 9 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები