ახალი კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: იმედი გვაქვს, დღის ბოლოსთვის კლინიკას კიდევ 10 პაციენტი დატოვებს

იმედი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე ყველაზე ცოტა - 59 კოვიდინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ. მათგან სამი საავადმყოფოს დღეს დატოვებს.

რატიანმა პაციენტების მდგომარეობა შეაჯამა:

  • უარყოფითი კლინიკა არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება. რეანიმაციაში გვრჩება 4 პაციენტი, მათგან ერთი დღეს პალატაში გადაინაცვლებს. 2 პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მძიმეა, ისინი იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ მათი მდგომარეობა უარყოფითი კლინიკის გარეშეა. 
  • ერთი პაციენტი მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, რამდენიმე დღე დავაკვირდებით და ალბათ ორშაბათს გადაინაცვლებს თერაპიულ განყოფილებაში.
  • რაც შეეხება ორსულებს - მათი მდგომარეობა სტაბილურია. კოვიდ ინფიცირებისთვის დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინება არ აქვთ, ამიტომ უტარდებათ მხოლოდ მონიტორინგი. რადგანაც არიან უსიმპტომოები, არანაირი მკურნალობა, სამკურნალო ინტერვენცია არ მიმდინარეობს.
  • რაც შეეხება სხვა პაციენტებს - დაახლოებით 12 მათგანთან დღეს კოვიდზე პირველადი პასუხი უარყოფითი მივიღეთ. პროტოკოლის მიხედვით, გადამოწმება 24 საათში ეკუთვნით და იმედი გვაქვს, რომ მოვა ისევ უარყოფითი პასუხი და დღის ბოლოსათვის 10 პაციენტი დატოვებს კლინიკას.
  • მივიღეთ 2 ახალი პაციენტი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ისინი არიან საეჭვო, მაღალი რისკის შემთხვევები. ველოდებით ანალიზის პასუხებს", - თქვა მან.

რატიანისვე განცხადებით, "ძალიან მალე დასრულდება ის აურზაური, რაც საქართველოსა და მსოფლიოშია".

"ახალი კორონავირუსი გლობალური პრობლემაა. მაგრამ ჩემი განწყობა ასეთია, რომ ძალიან მალე დასრულდება ეს აურზაური, რაც ჩვენს ქვეყანაში და სამყაროშია. ვირუსის გარეშე ალბათ ვერ ვიცხოვრებთ, მასთან ერთად მოგვიწევს ცხოვრების გაგრძელება. მე არ ვარ ბიოლოგი, ვირუსოლოგი, მაგრამ რაც კაცობრიობა გაჩნდა, ჩვენ გარშემო იყვნენ ვირუსები, ბაქტერიები, მიკროორგანიზმები. მათთან ერთად ვცხოვრობდით. ახლაც ვიცხოვრებთ, ოღონდ შეიძლება ამ ვირუსის მიმღებები ვიყოთ, მაგრამ დაავადება არ გამომჟღავნდება", - ამბობს ის. 

8 მაისის 11:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 288 გამოჯანმრთელდა, 9 - გარდაიცვალა.

კომენტარები