ახალი კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: COVID 19-ის შემთხვევების კლება არ ასახავს ბუნებრივ ტენდენციებს, გვმართებს სიფრთხილე

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების კლება პრევენციულად გატარებული ზომების შედეგია და არ ასახავს ვირუსის განვითარების ბუნებრივ ტენდენციებს, ამიტომ, შეზღუდვების შემსუბუქებასთნ ერთად, სიფრთხილე აუცილებელია.

პირველი არხის ეთერში გაბუნიამ თქვა:

"ის შედეგი, რომ გვაქვს კორონავირუსით ინფიცირების ცოტა შემთხვევა, არის ადრე მიღებული შემაკავებელი, პრევენციული ზომების შედეგი, იქნება ეს სოციალური დისტანცირება თუ სხვა. ამან მოგვცა საშუალება, გაგვეწყვიტა ვირუსის გავრცელების ჯაჭვი. როცა ვირუსის გავრცელების პროცესში ჩარევა ხდება, ეს შედეგს გვაძლევს 2 კვირის შემდეგ. ამიტომ ჩვენ ახლა, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეს დინამიკა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რაც მივიღეთ, პრევენციული და შემაკავებელი ზომების შედეგია, ის ვირუსის განვითარების ბუნებრივ ტენდენციებს და გარანტირებულ კლებას არ ასახავს, კვლავაც გვმართებს სიფრთხილე და მობილიზება".

9 მაისის 21:00 საათის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსი სულ 626 ადამიანს დაუდასტურდა. 9 მაისს - მხოლოდ 3-ს. გამოჯანმრთელებულია 297 ადამიანი, 10 - გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 8 მაისის ჩათვლით PCR ტესტი ჩაუტარდა ჯამში 27 846 ადამიანს, მათგან 8 მაისს - 1985 პირს. ბოლო სამი დადასტურებული შემთხვევა სწორედ 1985 ადამიანის ანალიზის შედეგად გამოვლინდა.

კომენტარები