8 მარტის შეთანხმება

რას ამბობს თალაკვაძე 8 მარტის შეთანხმებაზე და რა განცხადებებს აკეთებდნენ პარტნიორები

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება 8 მარტის შეთანხმების ყველა ვალდებულებას ასრულებს. ეს იმ ფონზე, როდესაც პარტნიორები, როგორც ამერიკის საელჩო, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროპარლამენტარები ხელისუფლებას უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ.

​თალაკვაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პირობა არავის წინაშე დაუდია.  

პოლიტპატიმრების საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით, 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ოპოზიცია ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ, ხელისუფლება კი საჯაროდ შეთანხმების ამ ნაწილს უარყოფს. 

იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებსაც ეხებოდა, ადასტურებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაც, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის, 5-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხებოდა. 

"ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება," - განაცხადა აშშ-ის საელჩომ.

ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩიც. 

"ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით

ეს მოვლენები შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, 8 მარტის შეთანხმების ერთგული დარჩეს", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის როლს შეთანხმების შესრულებაში, 13 მარტს სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა 11-მა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან.

"თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მოგიწოდებთ, განახორციელოთ თქვენი ლეგიტიმური კონსტიტუციური უფლებამოსილება, კონკრეტულად ბატონ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომლის გათავისუფლებაც საერთო შეთანხმების შესრულების ტესტად განიხილება." - წერია ევროპარლამენტარების წერილში.

შეთანხმების ოფიციალურ დოკუმენტში კი წერია:

"ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს."

8 მარტის შეთანხმებას, 10 მარტს გამოეხმაურა სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი.

ჯიმ რიში წედა, რომ ის ელის პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირების მყისიერად გათავისუფლებას.

სენატორი შაჰინის თქმით, დადებული შეთანხმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის.

ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავას და გიორგი რურუას საქმეების კონტექსტში, ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიც. მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას საქმეებს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ მიხედა სათანადოდ, რაც "კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას".

თალაკვაძე კი ყველა ამ განცხადების ფონზე, ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა, რომ შეთანხმების პირობებში გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, სიცრუე და სპეკულაციაა.

თალაკვაძე ასევე მოუწოდებს მოლაპარაკებებში მონაწილე ელჩებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით, ხელისუფლებას არ აუღია "პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება". 

ასევე სთხოვს, ობიექტურად შესაფასონ, თითოეული ხელმომწერის როლი ამ შეთანხმების შესრულების პროცესში.  

"შეთანხმების ტექსტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია. ამის მიუხედავად, ოპოზიცია უტიფრად სპეკულირებს და აცხადებს, რომ თითქოს, მმართველმა პარტიამ პატრიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით ემუქრება", - ამბობს თალაკვაძე. 

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, მედიასთან დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც - კონკრეტულ გვარებსა და გათავისუფლების მექანიზმებზეც. პოლიტპატიმრების შესახებ მემორანდუმს პატრიოტთა ალიანსმა ხელი არ მოაწერა.

რაც შეეხება შეთანხმების მეორე ნაწილს, საარჩევნო სიტემის ცვლილებას, ოპოზიცია ამბობს, რომ შეთანხმება ნაწილობრივ ვერ შესრულდება  - საარჩევნო სისტემის ცვლილებას და პოლიტპატიმრების საკითხი ერთ პაკეტშია. ოპოზიცია მზად არის, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა შესრულდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შეთანხმების ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები