საარჩევნო შეთანხმება

კობახიძე: ელჩების განცხადებამ მოსპო სივრცე სპეკულაციისთვის, ჩვენ აღმოვჩნდით მართლები

"რადიკალური ოპოზიციის ენას, სამწუხაროდ, ძვალი არ აქვს, თუმცა, რეალურად, ელჩების ამ განცხადებამ პრაქტიკულად მოსპო სივრცე ყოველგვარი სპეკულაციისთვის" - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივ განცხადებას, რომელშიც წერია, რომ 8 მარტის შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება - ერთი საარჩევნო სისტემას ეხება, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. 

"ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ჩვენ მივიღეთ ძალიან მკაფიო პასუხი. მიუხედავად დიპლომატიური ენისა, რომლითაც არის შედგენილი ეს განცხადება, ჩვენ მივიღეთ ყველაფერზე ძალიან მკაფიო პასუხი.

ჩვენ დავსვით კითხვა - შევთანხმდით თუ არა იმის თაობაზე, რომ მმართველ პარტიას უნდა განეხორციელებინა პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულებაში . ამაზე მივიღეთ ძალიან მარტივი პასუხი - მეორე შეთანხმების მიზანი მართლმსაჯულებაში ჩარევა კი არ ყოფილა, არამედ, ეს ყოფილა მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის პრევენცია. ძალიან მარტივად არის ყველაფერი. ელჩები მიგვითითებენ იმისკენ, რომ შეთანხმება, ბუნებრივია, ვერ გახდებოდა მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის საფუძველი. პირიქით, ამ შეთანხმებას ამის საპირისპირო მიზანი ჰქონდა - პრევენცია" - ამბობს კობახიძე TV იმედის ეთერში.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის შეფასებით, აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია და "ჩვენ რასაც ვამტკიცებდით, ის აღმოჩნდა მართალი".

"ვერავითარ შემთხვევაში, მოლაპარაკების და, მით უმეტეს, შეთანხმების საგანი ვერ გახდებოდა რომელიმე სასამართლოს საქმეში პოლიტიკური ჩარევა მართველი პარტიის მხრიდან" - თქვა კობახიძემ.

საელჩოებმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, ოპოზიცია კი სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს. თალაკვაძემ დიპლომატებს მიმართა, განმარტონ შეთანხმების შინაარსი.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ დოკუმენტი, რომელიც 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს არ მოიაზრებს.

თუმცა, შეთანხმების გაფორმების დღიდან, ოპოზიცია განმარტავს, რომ მემორანდუმი ორეტაპიანია და გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზრუნველყოფას, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება.

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, მედიასთან დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც. მისი თქმით, შეხვედრებზე განიხილეს კონკრეტული გვარებიც და გათავისუფლების მექანიზმებიც. პოლიტპატიმრების შესახებ მემორანდუმს პატრიოტთა ალიანსმა ხელი სწორედ ამის გამო არ მოაწერა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ხელისუფლებას უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. რას ამბობდნენ ისინი ამ კვირების განმავლობაში, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები