8 მარტის შეთანხმება

ჯაფარიძე: 8 მარტს დადებული ორივე შეთანხმება უნდა შესრულდეს, ესაა ოპოზიციის ერთიანი პოზიცია

მთავარი არხი

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა იგივე რჩება - შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი ანუ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.

"შევთანხმდით, რომ ამ მოთხოვნაში ვართ ერთიანი. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ ორივე შეთანხმება შესრულდეს და არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, ჩაშალოს ეს უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, ეს არის ერთობლივი პოზიცია" - ამბობს ჯაფარიძე.

კითხვაზე, თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს, ამ შემთხვევაში რას აპირებს ოპოზიცია, ლელოს ლიდერი პასუხობს - "ეს არის თეორიული დაშვება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთიანი ოპოზიციური მოთხოვნა. საზოგადოებრივი ზეწოლა და ოპოზიციური ერთობა აიძულებს ხელისუფლებას, შეასრულოს ორივე შეთანხმება".

კითხვაზე, თუ შეიძლება, ლელო ქუჩის აქციებზე ვიხილოთ, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ "ჯერ ასეთი შეთანხმება არ გვაქვს, როცა იქნება განხილვა, გეტყვით".

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება საარჩევნო ცვლილებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუმცა, მმართველი გუნდის მტკიცებით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და "ვერ ვიფიქრებთ იმ პირობის შესრულებაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს".

შეთანხმების გაფორმებას პარტნიორი ქვეყნების ელჩები ესწრებოდნენ. მათ საერთო განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მემორანდუმი ორნაწილიანია და ერთი საარჩევნო სისტემას ეხება, მეორე კი - ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

კომენტარები