საარჩევნო შეთანხმება

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

პრეზიდენტის პრესსამსახური

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

თუმცა, პრეზიდენტის თქმით, ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, ვინაიდან საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები.

"ზვიადის და მერაბის შემდეგ და წინა ხელისუფლების ასეულობით პოლიტპატიმრით ციხეების გადავსების ნაცვლად, დღეს, საბედნიეროდ, ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველოში. გასაგები რომ იყოს, დავამატებ, რომ პოლიტიკოსი, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება. ის მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია. ამ თემით სპეკულირება ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება. ამდენად, სრულიად მიუღებელია და უნდა დასრულდეს.

არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს, ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას. დამნაშავე დამნაშავედ რჩება, სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან. ანუ არავითარ შემთხვევაში, შეწყალება დამნაშავის გამართლებას არ ნიშნავს.

არავის, არც მანამდე და არც ახლა, არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით და. ა.შ. ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე. პრეზიდენტის ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე უნდათი არავინ არ უნდა საუბრობდეს. მით უმეტეს, არ ვიწყალებ ჩემ გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შეცდომაა, დამნაშავეების ბედი, პირდაპირ თუ ირიბად, განიხილებოდეს საკონსტიტუციო თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში. ეს შეწყალება არ ეფუძნება ჰუმანურ პრინციპებს ან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის გამოც, ადამიანს, შესაძლოა, შეუმსუბუქდეს სასჯელი ან სრულად გააუქმდეს.

გადაწყვეტილებას ვიღებ ქვეყნის ინტერესებიდან [...]

ახლა მთავარი, ანუ რატომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას - დღეს ქვეყანა, იმის მიუხედავად, რომ ყველას მიერ აღიარებული, წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, იმის მიუხედავად, რომ ისეთი დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილურია, როგორც არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე. პირდაპირ ვიტყვი - მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესალმე, დარჩა გარკვეული ბუნდოვანება, რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება აყენებდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს და საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს - სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას.

ვერ დავუშვებ, რომ ორი დამნაშავის გამო, სიტუაცია გამძაფრდეს. ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაციას და კიდევ დაპირისპირებას. ვერ დავუშვებ, რომ ამათ გამო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმება არ შესრულდეს. სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ვერც კორონას, ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გამოწვევებს. ჩვენი სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავალი ამ სასწორზე დგას. რადაც არ უნდა მიღირდეს, და მერწმუნეთ, ეს ნაბიჯი ჩემი მანდატის, ალბათ, ერთ ერთ ურთულეს გადაწყვეტილებად დარჩება, მე ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ. დღეს ჩემს თავზე ვიღებ ამ მძიმე ტვირთს, ვათავისუფლებ საზოგადოების დიდი უმრავლესობითვის ოდიოზურ ფიგურებს და ამავდროულად, ერთხელ და სამუდამოდ ვათავისუფლებ ქვეყანას იმ წარსულისგან, რომელიც რეალურად წინსვლაში გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს. საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და ამას ხელს ვერავინ შეუშლის", - თქვა მან.

2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია და ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

ქართული ოცნება უარყოფდა, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხება, ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილს, პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში.

დასავლელი პარტნიორების ზეწოლის, არაერთი კრიტიკული განცხადების და მოწოდების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, დღეს სალომე ზურაბიშვილმა ორი მათგანის შეწყალების შესახებ განაცხადა.

რაც შეეხება გიორგი რურუას, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია ასევე ითხოვს - მის საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, თუმცა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები