ჩინეთი

აშშ და ჩინეთი თუკიდიდეს ჩიხში - რა მომავალი აქვს ერთპოლუსიან მსოფლიოს

აკა ზარქუა
0 კომენტარი

ტერმინი "თუკიდიდეს ჩიხი" ამერიკელ პოლიტოლოგ გრემ ელისონს უკავშირდება. 2017 წელს გამოცემულ წიგნში, სახელწოდებით - "ომისთვის განწირული" - ჰარვარდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერების ცენტრის დირექტორი აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობებს აანალიზებს.

ამერიკა და ჩინეთი თუკიდიდეს ჩიხში

თუკიდიდე ანალიტიკური ისტორიის ფუძემდებლად მიიჩნევა. თავის მთავარ ნაშრომში, რომელიც პელოპენესის ომებს ეხება, მოაზროვნე ანტიკური საბერძნეთის პოლისებს შორის მრავალწლიანი სამხედრო დაპირისპირების მიზეზებს განიხილავს, რომელმაც კლასიკური საბერძნეთი დაანგრია. თუკიდიდეს მიხედვით, პოლისებს შორის დაპირისპირების მიზეზი ათენის სწრაფი სამხედრო და ეკონომიკური აღმავლობა იყო, რამაც სპარტის შიში განაპირობა და ომი გარდაუვალი გახადა. სწორედ ამ თეორიაზე დაყრდნობით, პროფესორი ელისონი თავის წიგნში მიმოიხილავს მსოფლიო ისტორიის ბოლო 500 წელიწადს. 

თუკიდიდეს ჩიხი არის სახიფათო დინამიკა, რომელშიც განვითარებადი, ახალი ძალა საფრთხეს უქმნის არსებულ ჰეგემონს და ლიდერის თავისი თავით ჩანაცვლებას ცდილობს. ელისონი თავის წიგნში 16 მსგავს შემთხვევას განიხილავს, რომლიდანაც 12- წამყვან სახელმწიფოებს შორის დიდი ომით სრულდებოდა. 

წიგნის გამოსვლის მომენტიდან, თეორია აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობების განხილვის მთავარ ანალიტიკურ პრიზმად იქცა. გრემ ელისონის ცნობით, აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობები მომავალი ათწლეულების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. კითხვა, შესაძლებელია თუ არა, მხარეებმა თუკიდიდეს ჩიხს თავი აარიდონ, ამ დროისთვის უფრო აკადემიურ საკითხს წარმოადგენს. 

პროფესორი, გრემ ელისონი

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩინეთის ეკონომიკური აღმავლობა მთელ მსოფლიოში დადებით პრიზმაში განიხილებოდა. დასავლეთის ინტელექტუალურ წრეებში მიიჩნეოდა, რომ აზიასა და სხვა რეგიონებში შემდგარი წესების თანახმად, ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას პოლიტიკური ლიბერალიზაცია და დემოკრატიზაცია მოყვებოდა, თუმცა, ჩინეთი გამონაკლისი აღმოჩნდა. 

პოლიტიკურ ლიბერალიზაციაზე კომპარტიამ საბოლოო უარი 1989 წელს, ტიანანმენის დემონსტრაციის სასტიკი დარბევის დროს თქვა. შედეგად, წლების განმავლობაში შეიცვალა ჩინეთის ხედვაც და დღეს ჩინეთი სულ უფრო ხშირად საფრთხედ განიხილება. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, აშშ-ის მეთაურობით დასავლეთ ნახევარსფეროში 70-წლიანი მშვიდობის და განვითარების უპრეცედენტო პერიოდი დაიწყო, რომელიც მოგვიანებით Pax Americana-ს სახელწოდებით გახდა ცნობილი. 

1940-იან წლებში, მსოფლიო ორ ბანაკად დაიყო, ერთ მხარეს სსრკ-ს მეთაურეობით სოციალისტური ბლოკი, ხოლო მეორე მხარეს აშშ-ის ხელმძღვანელობით მსოფლიოს თავისუფალი სახელმწიფოები აღმოჩნდნენ. ამავე წლებში, აშშ-მა მიიღო ე.წ. მარშალის გეგმა, რაც უზარმაზარი კრედიტებით და აშშ-ის პირდაპირი ჩართულობით ომით დაზარალებული ქვეყნების ეკონომიკურ აღდგენას და დემოკრატიის დამკვიდრებას გულისხმობდა. მხოლოდ 1948-1952 წლებში 16 ევროპული ქვეყნისთვის გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 110 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

აშშ-ის ინიციატივით ჩამოყალიბდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც დაზარალებული ქვეყნების აღდგენას ემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკული დახმარების ბენეფეციარები აღმოჩნდნენ ქვეყნები, რომლებიც ომის დროს აშშ-ის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მათ შორის, იაპონიაც. წლების განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-მა ალიანსებისა და თანამშრომლობის უმსხვილესი ქსელი შექმნა, რომლის მთავარი მიზანიც საბჭოთა კავშირისგან მომავალი საფრთხის შეკავება იყო. 

სასტუმრო Mount Washington-ის ოთახი, რომელშიც ბრეტონ-ვუდსის კონფერენციის მონაწილეებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკს დაფუძნების მოაწერეს ხელი

სწორედ შეკავების პოლიტიკა გახდა სსრკ-სთან ურთიერთობის ძირითადი მოდელი. ამერიკა დასავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ აზიის მნიშვნელოვანი ნაწილის და ახლო აღმოსავლეთში თავისი პარტნიორების თავდაცვის ერთადერთი გარანტორი გახდა. შეჯიბრი ორ ბანაკს შორის 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლით დაგვირგვინდა, რის შედეგადაც ბიპოლარული ერა დასრულდა და აშშ ერთპოლუსიანი მსოფლიოს სათავეში აღმოჩნდა. 

დასავლეთ ბერლინიდან დანახული კედლის ნგრევა და დაბნეული აღმოსავლეთ გერმანელი მესაზღვრეები, 1989 წლის ნოემბერი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა.

1990-იანი წლებიდან აშშ გლობალური წესრიგის ერთადერთ გარანტორად დარჩა. ყოფილ სოციალისტურ ბანაკში განვითარებული რამდენიმე სამოქალაქო ომისა და სამხედრო დაპირისპირების მიუხედავად, ამ პერიოდში დიდი მასშტაბის ომების თავიდან აცილება მაინც მოხერხდა. ამერიკამ ყოფილი მოწინააღმდეგეების მიმხრობა და უკვე არსებულ თავდაცვისა და ეკონომიკური ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესი დაიწყო. 

ამ სტრატეგიაში მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა 11 სექტემბრის ტერაქტმა და ისლამისტური ტერორიზმის მზარდმა საფრთხემ. სწორედ ამ დროიდან იწყება აშშ-ის პირდაპირი სამხედრო ჩართულობა ახლო აღმოსავლეთში. სტრატეგიის საწყის ეტაპზე აშშ-მა კვლავ შეძლო ფართო კოალიციის ჩამოყალიბება და ავღანეთის სამხედრო კამპანიას ალ-კაიდას წინააღმდეგ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ევროპელი პარტნიორი შეურთდა. ფართო კოალიციაში ბზარები ერაყის კამპანიის მიჯნაზე გაჩნდა, მაშინ კამპანიაში მონაწილეობაზე უარი საფრანგეთმა და გერმანიამ განაცხადა. 

პარალელურად იზრდებოდა სკეპსისი და წინააღმდეგობა ერთპოლუსიანი მსოფლიოს მიმართ, რომელსაც აშშ უძღვებოდა, თუმცა, ალტერნატიული მოდელისა და ძალის არსებობის პირობებში დომინანტურ ძალად კვლავ ამერიკა რჩებოდა. 2007 წელს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე სპეციალური მიმართვით გამოვიდა ვლადიმირ პუტინი. მისი გამოსვლა ერთპოლუსიანი სამყაროს კრიტიკას და აშშ-ის უპირობო ჰეგემონიის დასასრულს ეძღვნებოდა. 

დემონსტრანტი ქვას ესვრის სადამ ჰუსეინის პორტრეტს 2003 წელი ერაყი.

მომდევნო ათწლეულში, საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგიც უმთავრესად რუსეთის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში განხორციელებული აგრესიული ქმედებებს უკავშირდებოდა. 2008 წლის ფინანსური კრიზისისა და მოგვიანებით არაბული გაზაფხულის ფონზე ერთპოლუსიანი სამყაროს მიმართ წინააღმდეგობის რკალი გეოგრაფიულად გაიზარდა, პრობლემები შეიქმნა უშუალოდ ტრანს-ატლანტიკურ ალიანსშიც. 2010-იან წლებში რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიამ და შემდეგ სირიის სამოქალაქო კონფლიქტში პირდაპირმა სამხედრო ჩართულობამ პრობლემები კიდევ უფრო გააღრმავა. პირველად საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, შეიქმნა მოცემულობა, სადაც რუსეთი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ძალით არის წარმოდგენილი. 

ვითარება დაიძაბა სამხრეთ ჩინეთის ზღვაშიც, რომელსაც ჩინეთი საკუთარი გავლენის უპირობო სფეროდ მიიჩნევს და რომელშიც გამუდმებით ზრდიდა სამხედრო წარმომადგენლობას. თანამედროვე ეპოქის მთავარი გამოწვევა არა რუსეთის გააქტიურება და ისლამისტური ექსტრემიზმი, არამედ ჩინეთის სახით ახალი ძალის აღზევებაა. რუსეთისგან განსხვავებით, ჩინეთს გაცილებით უფრო მეტი პოტენციალი აქვს, წინააღმდეგობა გაუწიოს აშშ-ის დომინაციას. 

სინგაპურის ყოფილი ლიდერი, ჩინეთის საუკეთესო ექსპერტად მიჩნეული ლი კვან იუ ამბობდა, რომ ჩინეთის ზომის გათვალისწინებით მის აღზევებასთან ერთად მსოფლიომ ძალთა ახალი ბალანსი უნდა მონახოს. 

"შეუძლებელია, ჩინეთი წარმოვიდგინოთ კიდევ ერთ დიდ მოთამაშედ, ჩინეთი არის ყველაზე დიდი მოთამაშე მსოფლიო ისტორიაში. ყველასთვის ცნობილია ჩინეთის აღმავლობის შესახებ, თუმცა, ცოტა თუ იაზრებს ამით გამოწვეულ ტექტონიკურ ძვრებს. არასდროს ისტორიაში ერი არ განვითარებულა ასე სწრაფად, ასე ღრმად და ამდენი მიმართულებით", — ამბობდა ლი კვან იუ. 

ლი კვან იუ და დენ სიაპონი 1985 წელი, პეკინი

ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის გამოთქმის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მსოფლიოს გაოცებისთვის საკმარისი დროც არ ჰქონდა. შედარებისთვის, 1980 წელს ჩინეთის ეკონომიკის მოცულობა ნიდერლანდებისას ჩამოუვარდებოდა, ხოლო 2015 წელს ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ ნიდერლანდების ეკონომიკის მთლიან მოცულობას გადააჭარბა. 

ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთის არნახულ ეკონომიკურ აღმავლობაზე კარგად მეტყველებს ის ფაქტი, რომ მხოლოდ 2011-2013 წლებში ჩინეთმა უფრო მეტი ცემენტი აწარმოა და გამოიყენა, ვიდრე აშშ-მა მთლიანად მეოცე საუკუნის განმავლობაში. 

მსყიდველობითი პარიტეტის საზომით ჩინეთი უკვე მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკაა, 2019 წელს პარიტეტული საზომით ჩინეთის მშპ 27 ტრილიონ დოლარს გაუტოლდა. ამის მიუხედავად, აშშ კვლავ პირველია მშპ-ის ნომინალური გამოსახვით, შედარებისთვის, ამერიკის მშპ 21 ტრილიონ დოლარს აღემატება, ჩინეთის კი - 14,4 ტრილიონი დოლარია. 2019 წლის ზრდის ტემპების გათვალისწინებით 7-ტრილიონიანი სხვაობა 4,7 ტრილიონით შემცირდება 2024 წლისთვის, სწორედ ამ დროისთვის ჩინეთის ეკონომიკა 20- ტრილიონიან ნიშნულს უნდა აცდეს. 

ჩინეთი უკვე დღეს ეკონომიკის მრავალი მიმართულებით ლიდერობს, მათ შორის:

  • უმსხვილესი მწარმოებელი;
  • უმსხვილესი ექსპორტიორი;
  • ვაჭრობის ყველაზე დიდი მოცულობა;
  • უმხვილესი დამგროვებელი;
  • აშშ-ის სახელმწიფო ვალის ფასიანი ქაღალდების უმსხვილესი მფლობელი;
  • ენერგიის უმსხვილესი მომხმარებელი;
  • ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი;
  • ფოლადის უმსხვილესი მწარმოებელი;
  • ავტომობილების უმსხვილესი ბაზარი;
  • სმარტფონების უმსხვილესი ბაზარი;
  • ელექტრონული ვაჭრობის უმსხვილესი ბაზარი;
  • ინტერნეტის უმსხვილესი მომხმარებელი;
  • სუპერკომპიუტერების რაოდენობა;
  • უცხოური სავალუტო რეზერვების ყველაზე დიდი მფლობელი;
  • გლობალური ეკონომიკური ზრდის მთავარი ძრავი.

მზარდი დაძაბულობის მიუხედავად, ჯერჯერობით მაინც რთული სათქმელია, მოიქცევა თუ არა ჩინეთი ისე, როგორც იაპონია და გერმანია გასული საუკუნის მიწურულს. უცნობია, ისურვებს თუ არა ჩინეთი, გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე საერთაშორისო წესრიგში, რომლის მთავარი არქიტექტორიც ამერიკაა. ჩინეთის მისწრაფებებთან დაკავშირებით მკაფიო ხედვა ჰქონდა ლი კვან იუს. 

სინგაპურის ყოფილი ლიდერი ინტერვიუებში ამბობდა, რომ უახლოეს მომავალში ჩინეთი შეეცდება პირველობას ჯერ აზიაში და დროთა განმავლობაში მსოფლიოშიც. ლი კვან იუ სკეპტიკურად აფასებდა ჩინეთის ჩართვის შანსებს აშშ-ის მიერ კონსტრუირებულ წესრიგში. 

"ჩინეთის სურს, იყოს ჩინეთი, მიღებული იყოს ყველასგან, როგორც ჩინეთი და არა, როგორც დასავლური ალიანსის საპატიო წევრი". 

დინამიკა კიდევ უფრო სი ძინპინის არჩევის შემდეგ დაიძაბა. ახალმა ლიდერმა ჩინეთის მშვიდობიანი განვითარების კონცეფცია ჩინეთის გამოღვიძებისა და განახლების იდეით ჩაანაცვლა. სი ძინპინის წარმოდგენაში მსოფლიო უფრო მეტად უნდა დაემსგავსოს ჩინეთს და ბიპოლარული სამყაროსკენ მიმავალი დინამიკა არ შენელდება. ჩინეთის ამბიციებს ხელს უწყობს აშშ-ზე ჯერადად მაღალი ეკონომიკური ზრდაც. შედარებისთვის, ბოლო ათწლეულში აშშ-ის ეკონომიკა ყოველწლიურად საშუალოდ 2,2%-ით იზრდებოდა, მაშინ როდესაც ჩინეთის საშუალო ზრდა 7,5%-ია. 

ჩინეთის პოლიტიკურ რუკაზე მოცემულია ცალკეული სახელმწიფოები, რომელთა ეკონომიკა ჩინეთის ცალკეული პროვინციების ზომის ტოლია

ჩინური ოცნება, რაზეც სი ძინპინი ხშირად საუბრობს, ასობით მილიონი ჩინელის მისწრაფებასა და სურვილს გამოხატავს - იყვნენ არამხოლოდ მდიდრები, არამედ ძლევამოსილებიც. ჩინური ცივილიზაციის საფუძველს მსოფლიოში ჩინეთის ცენტრალური როლის აღქმა და უპირატესი ცივილაზაციის მრავალსაუკუნოვანი რწმენა წარმოადგენს. 

გავრცელებული შეხედულებით, ჩინეთის ასწლოვანი სისუსტის შედეგი დასავლეთიდან მოსული კოლონიალისტებისა და იაპონიის მიერ ჩინეთის ექსპლუატაცია და დამცირება იყო. პეკინის დღევანდელი ხედვით კი, ჩინეთმა მსოფლიოში საკუთარი ადგილი დაიბრუნა, საიდანაც შესაძლებელია ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესების დაცვა.

ამ ყველაფრის ფონზე ჩინეთი სულ უფრო ხშირად იქცევა როგორც ჰეგემონი და პირველობისკენ მისწრაფებაც საყოველთაოდ გაცხადებულია. ამის კარგი მაგალითია ჩინეთის მიერ გასულ ათწლეულში წამოწყებული ინფრასტრუქტურული პროექტი სახელწოდებით - ერთი ქამარი, ერთი გზა. უკიდურესად ამბიციური გეოპოლიტიკური პროექტი ამერიკული მარშალის გეგმის ერთგვარი თანამედროვე ვერსიაა, რომელიც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების საშუალებით, ჩინეთის და ევროპის დაახლოებას ისახავს მიზნად. გეგმა 76 ქვეყანას მოიცავს და ჯამურად ვალის სახით 1,3 ტრილიონის დახარჯვას გულისხმობს. 

შექმნილი მდგომარეობა ჰგავს ვითარებას, რომელშიც დაუძლეველი ძალა უძრავ საგანს ეჯახება. ცხადია, რომ აშშ-ს ჩინეთთან მიმართებით ახალი გენერალური სტრატეგია სჭირდება და გასულ წლებში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება. ამ მოვლენების გამოძახილია აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომიც, რომლის მიზეზიც ჩინეთის მხრიდან ექსპორტის გასაძლიერებლად საკუთარი ვალუტით მანიპულაცია, კომერციული შპიონაჟი და ინტელექტუალური საკუთრების სისტემატური მითვისება იყო. 

რაც მნიშვნელოვანია ჩინეთის საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის ინტელექტუალურ და პოლიტიკურ ელიტაში ერთიანი ხედვა ჩამოყალიბდა. ცალკეული ასპექტების კრიტიკის მიუხედავად, ჩინეთის მიმართ უფრო მკაცრ პოლიტიკას დონალდ ტრამპის მთავარი მოწინააღმდეგეებიც უჭერენ მხარს, მათ შორის დემოკრატიულ პარტიაშიც.

მაშინ, როდესაც ჩინეთის ლიდერები ოპტიმიზმისა და გამოწვევისთვის მზაობას გამოხატავენ, ისინი უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებიან. მზარდი საზოგადოებრივი პოლარიზაციის ფონზე, სულ უფრო ხშირად ამერიკაში იზოლაციონისტური მიდრეკილებები იჩენს თავს.

ამ ტენდენციებს სხვადასხვა მიმართულებით თეთრი სახლის დღევანდელი ადმინისტრაციაც ხშირად ახმოვანებს. ეს ჩინეთისა და აშშ-ის ბრძოლას გლობალური ლიდერობისთვის კიდევ ერთ უნიკალურ მახასიათებელს სძენს. ჯერ არასდროს ყოფილა შემთხვევა, როდესაც არსებული ჰეგემონი ლიდერულ პოზიციებზე საკუთარი ნებით ამბობდა უარს. შიდა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ფონზე, ერთი შეხედვით ამერიკა სულ უფრო ნაკლებ ინტერესს იჩენს გლობალური წესრიგის მიმართულებით, თუმცა, ჩინეთისგან მომავალი საფრთხისა და გამოწვევის ფონზე მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია შეიცვლება. 

ამ ერთგვარი დაბნეულობის ფონზე, ჩინეთმა და რუსეთმა, შესაძლოა, მოკლევადიან წარმატებებს მიაღწიონ, თუმცა, ეს სრულ სურათს არ იძლევა. ჯამურად აშშ-ს რისკებისა და შესაძლებლობების ბევრად უკეთესი ბალანსი აქვს, ვიდრე ჩინეთს ან რუსეთს. განსაკუთრებით საგრძნობია აშშ-ის უპირატესობა სამხედრო და ტექნოლოგიური თვალსაზრისით. 

ჩინეთის მზარდი სამხედრო ბიუჯეტის მიუხედავად, აშშ თავდაცვაზე ყოველწლიურად დაახლოებით 300%-ით მეტს ხარჯავს. აშშ-ს მსოფლიოში საუკეთესოდ გაწვრთნილი და უახლოესი ტექნოლოგიებით შეიარაღებული ფლოტი და არმია ჰყავს, ამ ყველაფერს კი ზურგს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კარგად ეკიპირებული და სრულ მზადყოფნაში მყოფი სახმელეთო თუ საზღვაო ბაზები და მსოფლიოში უმსხვილესი სამხედრო ფლოტი უმაგრებს. 

ექსპერტების აზრით, სამხედრო ნაწილში ჩინეთს აშშ-სთან კონკურენციის შესაძლებლობა არ გააჩნია. სამხედრო დაფინანსებაზე დიდი სხვაობა კი, შესაძლოა, არმიის ტექნოლოგიური აღჭურვილობის თვალსაზრისით არსებობდეს. აშშ-ის სამხედრო უპირატესობაზე საუბარია ბოსტონის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში, რომლის ავტორებიც პროფესორები მაურო და ანდრეა ჯილი არიან. 

პუბლიკაციის ავტორებმა შეისწავლეს აშშ-სა და ჩინეთის სამხედრო წარმოებები და დაასკვნეს, რომ ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით ჩინეთი კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება აშშ-ს, მეტიც, ჩინეთს ამერიკული ტექნოლოგიის ე.წ. რეპლიკანტის დამზადებაც უჭირს, ამის მაგალითად კვლევის ავტორებს ამერიკული ავიაგამანადგურებელის F-22-ის ჩინური ვერსიის შექმნის წარუმატებელი მცდელობა მოჰყავთ. 

ქვევით ამერიკული გამანადგურებელი F22, ზევით ჩინური რეპლიკანტი J20

გასული წლების განმავლობაში, ჩინეთი აქტიურად ცდილობდა მეხუთე თაობის გამანადგურებლის წარმოებას, ხოლო საბაზისო მოდელად ამერიკული წარმოების F-22-ს იყენებდა. 2007-2011 წლებში ჩინელმა ჰაკერებმა კიბერშეტევებით პენტაგონის საიტიდან 50 ტერაბაიტამდე ინფორმაცია გაიტანეს, ამის გარდა, 22 მილიარდი დოლარი დაიხარჯა მსგავსი ძრავის შესაქმნელად, თუმცა, ჩინურ აპარატს რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა აქვს. 

ყველა მცდელობის მიუხედავად, ჩინეთმა ვერ მოახერხა მეხუთე თაობის გამანდგურებლებისთვის საჭირო ძრავის შექმნა და დღემდე რუსული წარმოების ძრავებს იყენებს. აპარატს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს დიზაინთან დაკავშირებითაც. ამერიკული აპარატისგან განსხვავებით ჩინური გამანადგურებლის აღმოჩენა მარტივად შეუძლია როგორც თერმულ სენსორებს, ასევე, ჩვეულებრივ რადარებს. 

ამასთანავე, აშშ-ის უპირატესობაა მისი ტრადიციული ალიანსები და მოკავშირეებში ბოლო წლებში წარმოქმნილი პრობლემების მიუხედავად, ფუნდამენტური კავშირი საკვანძო პარტნიორებთან კვლავაც მოქმედებს. ამავდროულად, აშშ კვლავ მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიების და სამეცნიერო ინოვაციების სამშობლოა. 

ყველაფერთან ერთად, მსოფლიოს მთავარი სარეზერვო ვალუტა არა ჩინური იუანი, არამედ ამერიკული დოლარია. მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით აშშ ჩინეთზე დაახლოებით ექვსჯერ უფრო მდიდარია. აშშ-ის უპირატესობას წარმოადგენს დემოკრატიული პოლიტიკური მოდელიც, რომელიც გაცილებით უფრო მდგრადია სხვადასხვა რისკის მიმართ. არსებული პრობლემების მიუხედავად, აშშ-ის ეკონომიკური მოდელი ბევრად უფრო კონკურენტუნარიანია, ხოლო ჩინეთის მოდელმა გარკვეულწილად უკვე ამოწურა საკუთარი თავი. ბოლო წლებში შემცირებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, ჩინეთის ხელისუფლება ექსპორტზე ორიენტირებული მოდელიდან შიდა მოხმარებაზე ორიენტირებულ თვითკმარ ეკონომიკაზე გადაწყობას ცდილობს. უცნობია, რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობები. 

50 სახელმწიფო, რომელთა ეკონომიკის ზომა ცალკეული შტატების ეკონომიკის ტოლია

თავის მხრივ, პოლიტიკური თუ სამხედრო სისუსტეები ჩინეთმა შესაძლოა რუსეთთან პარტნიორობით დააბალანსოს და ამ თვალსაზრისით მზარდი კოლაბორაცია ბოლო წლებში აშკარაა. სულ უფრო ხშირად, განსაკუთრებით, გაეროში ჩინეთი და რუსეთი ერთ პოზიციაზე გვევლინებიან, თუმცა, უცნობია, გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენად კმაყოფილი იქნება რუსეთი უმცროსი პარტნიორის სტატუსით. 

ჟურნალ Economist-ის ყდა 2019 წლის 27 ივლისი

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაძაბულობის პირველი სავარაუდო წერტილი სამხრეთ ჩინეთის ზღვა იქნება, სადაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აშშ უპირობო ჰეგემონიით სარგებლობდა. დაპირისპირების ყველაზე მწვავე წერტილად კი, შესაძლოა ტაივანი იქცეს, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. თავის მხრივ, ტაივანი აშშ-ის სამხედრო პროტექტორატით სარგებლობს. 

ლოგიკური იქნება თუ გლობალური დომინაციისკენ მიმავალ გზაზე ჩინეთი თავდაპირველად სწორედ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მოსინჯავს ძალებს. ჩამოყალიბებული მოცემულობის მთელი სერიოზულობის მიუხედავად, მომავალ დიდ სამხედრო დაპირისპირებაზე მტკიცებით ფორმით საუბარი მაინც სათუოა. 

მართალია, ისტორიის მიხედვით მსგავსი შემთხვევების უმრავლესობა დიდი ომით სრულდებოდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელი შემთხვევა ბევრ ფუნდამენტურ ასპექტში მნიშვნელოვნად განსხვავებულია. მათ შორის ყველაზე თვალშისაცემი, ალბათ, დაპირისპირებული ძალების ეკონომიკური გადაჯაჭვულობაა. 

აშშ ჩინეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ჩინეთი აშშ-სთვის - სიდიდით მესამე. გლობალური დომინაციისთვის დაპირისპირებული სახელმწიფოები აქამდე არასდროს ყოფილან ერთმანეთზე მსგავსად დამოკიდებულები. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ ომით დასრულებული 12 შემთხვევიდან აბსოლუტური უმრავლესობა ბირთვულ ეპოქამდე მოხდა. 

შესწავლილი 16 შემთხვევიდან ბირთვულ ეპოქაში დაპირისპირების მხოლოდ 4 ფაქტი წარიმართა და ატომური იარაღი მხოლოდ ერთხელ გამოყენეს. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე პანდემიის ფონზე ჩინეთის მიმართ წინააღმდეგობა დასავლეთში კიდევ უფრო გაიზრდება და დაძაბული რიტორიკა უკვე სახეზეა როგორც აშშ-ის, ასევე, ევროპელი პარტნიორების მხრიდან. 

5000-წლოვანი ყველაზე მრავალრიცხოვანი ცივილიზაციის აღმავლობა არ არის პრობლემა, რომლის მოგვარებაც ერთხელ და სამუდამოდ, მარტივად შეიძლება. ეს არის ქრონიკული მოცემულობა, რომელშიც მომავალი თაობები იცხოვრებენ. წარმატებისთვის საკმარისი არ იქნება ახალი სლოგანი, ან ლიდერების გახშირებული შეხვედრები სამიტებზე. ამ დაძაბული ურთიერთობების ომის გარეშე დასარეგულირებლად საჭირო იქნება ყოველწუთიერი კონცენტრაცია და გამძაფრებული ყურადღება ორი სახელმწიფოს უმაღლესი ლიდერების მხრიდან. 

საჭირო იქნება ურთიერგაგებისა და თანამშრომლობის არნახული დონე. ამ ეტაპზე უკვე ნათელია, რომ მშვიდობიანი დასასრულისთვის ლიდერების მხრიდან საჭირო იქნება დამოკიდებულებისა და მოქმედებების წარმოუდგენელი ცვლილებები

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები