ცეზარ ტოხოსაშვილი

უკრაინიდან ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი ცეზარ ტოხოსაშვლის ექსტრადირება მოხდა

0 კომენტარი

საქართველოს დაცვის პოლიციის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის (იგივე ალ-ბარა შიშანი) ექსტრადირება მოხდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის საფუძველზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, ცეზარ ტოხოსაშვილი (იგივე ალ-ბარა შიშანი) უკრაინაში, ქალაქ კიევში 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში გამოძიება სსკ-ის 327-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას და მონაწილეობას გულისხმობს. სასჯელის სახით კი 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ცეზარ ტოხოსაშვილი საქართველოდან სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და 2015 წლიდან ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანდა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში.

მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ცეზარ ტოხოსაშვილი, დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ცეზარ ტოხოსაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნილია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები