არჩევნები 2020

ოპოზიცია: იმედი გვაქვს, რურუა ციხეს მალე დატოვებს და შემდეგ საარჩევნო სისტემა შეიცვლება

ტაბულა

ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრის შემდეგ ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება მიიღო. მათი შეგასებით, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ და საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზაციისკენ. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ საპატიმროს მალე დატოვებს გიორგი რურუაც, ხოლო ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი მიიღებს შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. 

"ამით ქვეყანა არსებითად წინ წაიწევს პროპორციული და სამართლიანი საარჩევნო სისტემისკენ. ამ პროცესის დასრულება არის კარგი მთლიანად ქვეყნისთვის, მისი ყველა მოქალაქისთვის და არა რომელიმე ცალკეული პარტიისთვის.

ჩვენი ამოცანაა, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდეს მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში, ხოლო ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე. ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების შემდეგ, დემოკრატიულმა კოალიციურმა მთავრობამ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა დღეს არსებული ეკონომიკური ჩიხიდან, გადადგას საკვანძო ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ, რათა საქართველო აღარასდროს დადგეს იმ გამოწვევების წინაშე, რასაც პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა ჰქვია. ჩვენ, ოპოზიციური პარტიებს, სწორედ ამ მიზნების მისაღწევად გადაწყვეტილი გვაქვს ერთმანეთთან კოორდინირებული მოქმედება.

ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ცვლილება საქართველოში, მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს და ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით კვლავ შეიცვალოს“, - აღნიშნავს ოპოზიცია.

ამ განცხადებას წინ უსწრებდა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რურუას პატიმრობაში დატოვების შესახებ. რურუა უგულავასთან და ოქრუაშვილთან ერთად ერთერთი მთავარი ფიგურა იყო, რომელსაც საქართველოს პარტნიორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პირდაპირ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებდნენ და ამბობდნენ, რომ შეთანხმების შესასრულებლად მათი გათავისუფლება იყო საჭირო. 

საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ განცხადებების ფონზე 15 მაისს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. სწორედ პრეზიდენტის როლზე იყო იმთავითვე მითითება 8 მარტის შეთანხმებაში. 

რაც შეეხება რურუას, მას პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებდა, ვინაიდან მის საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, თუმცა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები