პოლიტიკური პატიმრები

შეთანხმება პოლიტპატიმრებზე - რა წერია ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაში

0 კომენტარი
შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები 8 მარტს შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმებას თან ახლავს მხარეების ერთობლივი განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

"ჩვენ, ხელმომწერი პარტიები, ჩავერთეთ დიალოგში, რათა უზრუნველვყოთ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

ჩვენ ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია, ვისწრაფვოდეთ უმაღლესი სტანდარტებისკენ ქართული მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებაში.

განსხვავებების მიუხედავად, ყველანი ვთანხმდებით, რომ საჭიროა რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ოპოზიციის განმარტებით, მემორანდუმი ითვალისწინებს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. სწორედ ამიტომ, მემორანდუმს ხელი არ მოაწერა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა და დაკავებულ პირებს  "ე.წ პოლიტიკური პატიმრები" უწოდა. 

გიგა ბოკერიას განმარტებით: "ის პირები, ვინც დღეს არიან დაკავებულები - გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, რურუა, თამლიანი, ჩვენ მათ მივიჩნევთ პოლიტიკურ პატიმრებად, მთავრობა არ მიიჩნევს, მაგრამ ამ შეთანხმებისთვის ამ შეფასებას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს შედეგს", - ამბობს ბოკერია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, შეთანხმების ტერმინებზე დავა უმნიშვნელოა: 

"გვარები არ არის ჩაწერილი, მაგრამ შეთანხმება არსებობს. შეთანხმება არსებობს, რომ უნდა გამოვიდნენ და ის საქმეები, რომლებიც წარმოებულია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, შეწყდეს.

ვიცი არჩილ თალაკვაძემ რა თქვა. ტერმინებზე ნუ ვიდავებთ, ამას შეგვიძლია დავარქვათ პოლიტპატიმრები, ან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეები. შეგიძლიათ დაარქვათ, რაც გნებავთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. გვარების ჩამონათვალი ასჯერ მაქვს გაკეთებული. ამის გარეშე ჩვენ შემდეგ ნაბიჯებს არ გადავდგამთ", - ამბობს ვაშაძე.

ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ "

პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. რა თქმა უნდა, შესაძლოა, სახელწოდებებზე ვერ შევთანხმდეთ, თვლის თუ არა ხელისუფლება მათ პოლიტპატიმრად, მაგრამ ისინი უნდა გათავისუფლდნენ და ამის კონკრეტულ მექანიზმზე იყო საუბარი და ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს.

როგორ შეიძლება ეს მოხდეს: მაგალითად, შეუძლება იყოს პროკურატურის შუამდგომლობა, ან სხვა მექანიზმი, რომ აღკვეთი ღონისძიება შეეცვალოს თამლიანს, ოქრუაშვილისა და რურუას, ხოლო, მეორე მხრივ, გიგი უგულავასთან დაკავშირებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეწყალების მექანიზმი. როგორც ვხვდები პრეზიდენტის მზაობა აქ გვაქვს".

----

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა 8 მარტს დღის 2 საათზე დაიწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე,  ოპოზიციური პარტიების ლიდერები, შეხვედრაზე იყო გერმანიის ელჩიც.

ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები ოპოზიციამ ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავების შემდეგ შეწყვიტა. მას შემდეგ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით რამდენიმე არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

ოპოზიცია 8 მარტის შეხვედრაზე უცვლელი მოთხოვნებით შევიდა: პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემის მიღება.

11 თებერვლიდან მისაღებ მოდელზე საუბრისას ოპოზიცია 40%-იან პრინციპს ასახელებდა. ამ პრინციპის მიხედვით, მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების აცხადებდნენ, რომ ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში.

თავის მხრივ, ხელისუფლება ამბობდა, რომ მათ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათი თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. 

ამ პრინციპს, ხელისუფლების აზრით, პროპორციულ და მაჟორიტარულ მანდატებს შორის 100/50 ან 110/40-ანი გადანაწილება აკმაყოფილებდა. ოპოზიციისთვის ორივე ეს ვარიანტი მიუღებელი იყო, რადგან, მათი თქმით, ეს არ აკმაყოფილებდა 40%-იან პრინციპს, განსხვავებით მათ მიერ მოთხოვნილი 130/20-ზე პროპორციისა.

საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის - მძაფრი განცხადებებისა და კრიტიკული წერილების, ასევე კონსენსუსის მიღწევისკენ მოწოდებების ფონზე,  გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა განცხადებები შეარბილეს. 6 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ მანდატების რაოდენობა მეორეხარისხოვანია და პრინციპული არ არის 5-ით მეტი თუ ნაკლები მანდატი იქნება მაჟორიტარულ ან პროპორციულ მხარეს. იმავე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ის ვერ ხედავს პრობლემას, 110/40-ზე იქნება, 120/30-ზე თუ საერთოდ პროპორციული არჩევნები. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები