ქართული ოცნება

კაკულია: დასავლეთი, რომელიც ასე რეაგირებს სამართლებრივ საკითხებზე, საქართველოს არ სჭირდება

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

ქართული ოცნების წევრის, რომან კაკულიას შეფასებით, დასავლელი პარტნიორები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, კომპანია ფრონტერას წარმოადგენენ, რომელიც, "რაც მას თავი ახსოვს, გაუგებარ ილუზიებს ქმნის".

კაკულიამ კომპანია ფრონტერა დასავლელი პარტნიორების მხრიდან 8 მარტის შეთანხმების შესრულებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას დაუკავშირა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება დასავლეთი, რომელიც ამგვარ სამართლებრივ საკითხებზე ასე რეაგირებს.

"ფრონტერასთან დაკავშირებული მოვლენები საკმაოდ სიმპტომატური გახდა. ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის მიუღებელ ჩარევას სხვადასხვა ქვეყნის საქმეებში. ძალიან მოდური გახდა საუბარი იმაზე, რომ პრორუსული ორიენტაცია არის საწყისი და მოტივაცია სხვადასხვა ტიპის დანაშაულზე რეაგირებაზე სახელმწიფოს მხრიდან.

სამწუხაროა, რომ დღეს კონკრეტული დავა ძალიან კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში გახდა პოლიტიკური მანიპულაციის საკითხი. ბევრი პოლიტიკოსი სარგებლობს ახლა შესაძლებლობით, ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება შეფუთონ პოლიტიკური ჩარჩოთი, მოძებნონ საზღვარგარეთ პოლიტიკოსები, რომლებსაც, შეიძლება, სხვადასხვა ტიპის ინტერესები ჰქონდეთ და წარმოაჩინონ ეს დასავლეთის პოზიციად.

ასეთი ტიპის ჩარევები მიმართული იმისკენ, თითქოს პრორუსული ძალა აკეთებს ამ ჩარევებს, სხვას არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ აღვივებს და აძლიერებს პრორუსულ ორიენტაციებს, თუ ასეთი არსებობს საქართველოში, რადგან დასავლეთი, რომელიც ასეთნაირად რეაგირებს ამგვარ სამართლებრივ საკითხებზე, საქართველოს მოსახლეობას, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ სჭირდება.

ყველას ვთხოვ, ასეთი კუთხით შეხედოს მსგავსი ტიპის ჩარევებს, როდესაც საუბრობს რუსული ტიპის პროპაგანდაზე. დასავლეთი ხარჯავს ფულს რუსული პროპაგანდის შესანელებლად და, მეორე მხრივ, ასეთი ნაბიჯებით პირდაპირ უჭერს მხარს საქართველოში არსებული პრორუსული ორიენტაციის გაღრმავებასა და გაღვივებას. ასეთი დასავლეთი საქართველოში არავის არ მოწონს. ძალიან ვთხოვ, ამაზე დაფიქრდნენ", - თქვა კაკულიამ 18 მაისს.

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ 24 ივნისს გაცემული დაპირება არ შეასრულა და 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის კონგრესისა და სენატისგან არაერთი კრიტიკული წერილი მიიღო.

ისინი წერილებში შეშფოთებას გამოხატავენ განგრძობად უარყოფით ტენდენციებზე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში, რაც ამერიკულ და ევროპულ ბიზნესკომპანიებზე თავდასხმებში გამოიხატა და ამის მაგალითად კომპანია ფრონტერას ასახელებენ.

წერილებში გამოთქმული იყო წუხილი და შეშფოთება იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. ამერიკელი პარტნიორები ასევე მიუთითებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის დროს ხარვეზებზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის ხელის შეშლასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნასა და მედიის შევიწროებაზე.

ხოლო მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა, რომ ქართული ოცნება არც 8 მარტის შეთანხმების შესრულებას აპირებს, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს, საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გახდა დასავლეთის მწვავე კრიტიკის ობიექტი.

ამასთან, 16 მაისს, ამერიკელმა სენატორებმა წერილით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს

და შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში კარგი მმართველობის გაუარესებაზე, ანაკლიის პორტიდან ამერიკული კომპანიების გაშვებაზე, ირანელი ბიზნესმენების მიერ საქართველოში აქტივობებით სანქციების თავის არიდებაზე და ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთის მთავრობის შესაძლო კავშირზე. წერილში საუბარი იყო ფრონტერაზეც - სენატორები აღნიშნავდნენ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციები თითქმის 50%-ით შემცირდა, ხოლო დასავლური ბიზნესებისთვის გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები გაიზარდა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, 2020 წლის 29 აპრილს ქართულმა მხარემ ამერიკულ ენერგომომპოვებელ კომპანია Frontera-სთან ხელმშეკრულება შეწყვიტა.

ქართულ მხარესა და Frontera-ს შორის დავა საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო და ნავთობისა და გაზის კორპორაცია ამერიკულ კომპანიას 1997 წლის ხელშეკრულების დარღვევას ედავებოდა.

ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ძებნა-ძიების ფართობის სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმით Frontera-მ კონტრაქტის პირობები დაარღვია. კომპანიას დაევალა, აანაზღაუროს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და მოსარჩელეებს აუნაზღაუროს საარბიტრაჟო დავის წარმოების ხარჯები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები