ახალი კორონავირუსი საქართველოში

თალაკვაძე: ცვლილებები აზუსტებს როგორ უნდა განხორცილდეს ეს შეზღუდვები და პრევენციული ზომები

"ცვლილებები, რომლებიც შემოგვაქვს აზუსტებს და დღევანდელ მოცემულობაში განმარტავს, თუ როგორ უნდა განხორცილდეს ეს შეზღუდვები და პრევენციული ზომები, რომელიც დღეისათვის ჩვენ გვჭირდება", - მიმართა პარლამენის თავმჯდომარემ, არჩილ თლაკვაძემ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ რომან გოცირიძეს ბიუროს სხდომაზე გამოსვლის შემდეგ.

გოცირიძეს შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობას რიგი შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც შეეძლება, ქართული ოცნების ხელში სახიფათო იარაღია.

ამას არჩილ თალაკვაძემ "აპოკალიპტური პროგნოზი" უწოდა და ენმ-ს დეპუტატს მოუწოდა გამოსვლამდე გადაეხედა "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონის მოქმედი რედაქციისთვის.

"მესმის, რომ თქვენი პოზიცია სუბიექტურია და თქვენი პარტიის პოზიცია არის თქვენი ფრაქციის პოზიცია, მე პატივს ვცემ თქვენს პოზიციას, მაგრამ ამ პატივისცემის ფარგლებში, მინდა დაგიმტკიცოთ, რომ თქვენ სუფთა მანიპულაციას აკეთებთ დღეს ამ სხდომაზე და სარგებლობთ იმ მანდატით, რომელიც თქვენ გაქვთ პარლამენტში. ამის დასადასტურებლად არსებობს ძალიან მარტივი ტესტი: თვლით თუ არა თქვენ, რომ შეზღუდვები საჭიროა და მიგაჩნიათ, თუ არა, რომ სისტემურმა შეზღუდვებმა, რომელიც მთავრობამ და ხელისუფლებამ გააკეთა, შედეგი გამოიღო?", - მიმართა არჩილ თალაკვაძემ რომან გოცირიძეს.

გოცირიძემ პარლამენტი თავმჯდომარეს უპასუხა, მას გააჩნია მოსაზრება, თუ საგანგებო მდგომარეობისას დაწესებულმა რომელმა შეზღუდვამ გაამართლა და რომელმა არა. "პარლამენტის გარეშე არ უნდა გქონდეთ ერთი ხელის მოსმით ეკონომიკის ჩაკეტვის საშუალება", - მიმათავს გოცირიძე თალაკვაძეს.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

კანონპროექტი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება, ვინაიდან 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის ვადა იწურება და პრემიერმინისტრის თქმით, მისი გაგრძელების მოთხოვნით პრეზიდენტს აღარ მიმართავენ. გიორგი გახარიამ 15 მაისს ასევე თქვა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, რათა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები და შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც იყოს შესაძლებელი.

ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს პარლამენტში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ევროპული საქართველოც.

კომენტარები