პაციენტების მდგომარეობა

ბოჭორიშვილის კლინიკა: ბოლნისის კლასტერიდან ერთ ბავშვს COVID-19 დაუდასტურდა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამელთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის, ინფორმაციით, კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 56 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 43-ს.

მისივე ინფორმაციით, კლინაკაში ერთი ახალი პაციენტი ჰყავთ, რომელიც ბავშვია და ის ბოლნისის კლასტერიდანაა. მოზარდი დადასტურებული პაციენტების ოჯახის წევრია.

"გუშინ გვიან ღამით მოვიდა პასუხები ორი გამოჯანმრთელებულის შესახებ და დღეს დატოვებენ კლინიკას", - ამბობს სოლოღაშვილი.

მისივე ინფორმაციით, 2 პაციენტი რჩება რეანიმაციაში, თუმცა დღეს განიხილება ერთის პალატაში გადაყვანის საკითხი, 4 პაციენტია საყურადღებო, 5 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას.

საქართველოში კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 19 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ - 475.

რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, 20 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 713 შემთხვევაა დადასტურებული.

12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის ქვეყანაში 226 აქტიური შემთხვევაა.

კარანტინის რეჟიმში 3519 ადამიანია.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მოქმედებს კომენდანტის საათი.

მსოფლიოში კორონავირუსის 4 989 280 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1 960 522 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 324 970 კი გარდაიცვალა.

კომენტარები