ჰონგ-კონგი

ჩინეთი ჰონგ-კონგის ავტონომიის შემზღუდავი კანონების მიღებას აპირებს

0 კომენტარი
ჰონგ-კონგი. 2019 წელი.

საპარლამენტო სესეიაზე, რომელიც 22 მაისს იხსნება, ჩინეთის მთავრობა ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონების მიღებას გეგმავს.

21 მაისს ჩინეთის ეროვნული პარტიის კომიტეტის დღის წესრიგში გამოჩნდა "ჰონგ-კონგის სამართლებრივი სისტემის აღსრულების მექანიზმის დამკვიდრება და გაუმჯობესება".

ჩინეთის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ჩინეთი ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" "გაუმჯობესებას" გეგმავს. მისვე განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოება ქვეყნის სტაბილურობის საფუძველია და მისი დაცვა ყველა ჩინელისა და ჰონგ-კონგელი თანამემამულის ფუნდამენტური ინტერესია. 

ჰონგ-კონგური გაზეთი SCMP დაუსახელებელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კანონები აკრძალავს სეცესიას, ნებისმიერ საგარეო ჩარევას, ტერორიზმს და ყველა ქმედებას, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.

ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ. 

მსგავსი ნაბიჯი, ჰონგ-კონგსა და დასავლეთისგან, მაღალი ალბათობით, დიდ წინააღმდეგობას გამოიწვევს. 

ქალაქის პროდემოკრატიული აქტივისტები მსგავს კანონს ეწინააღმდეგებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ამით ჰონგ-კონგის თავისუფლებებს და ავტონომიას, რომელიც "ერთ ქვეყნის, ორი სისტემის" პრინციპით გარანტირებული უნდა იყოს, საფრთხე ემუქრება.

ჰონგ-კონგში სოციალურ ქსელებში უკვე აზიარებენ პოსტებს, რითაც მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. მედიის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრებში ათეულებით ადამიანმა პროტესტი უკვე დაიწყო.

ჩინეთზე ხისტი პოზიციის მქონე ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯოშ ჰოულიმ, განაცხადა, რომ ჩინეთს ჰონგ-კონგელი ხალხისთვის ყველა უფლებებისა და თავისუფლებების ჩამორთმევა სურს - "ზუსტად ასე სურს ჩინეთს მსოფლიოს 'გაუმჯობესება'. აშშ-მა უნდა თქვას არა".

მისივე თქმით, დღეს, 21 მაისს ის სენატს რეზოლუციას წარუდგენს, რათა ეს ქმედება დაგმონ და ყველა თავისუფალ ქვეყანას მოუწოდონ, დადგნენ ჰონგ-კონგის გვერდით.

ამას გარდა, კანონების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, აშშ-მა ხელახლა განიხილოს ჩინეთის ყველაზე თავისუფალი და საერთაშორისო ქალაქის, ჰონგ-კონგის განსაკუთრებული სტატუსი.

6 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის განხილვა დროებით გადადო. სპეციალური სტატუსის განხილვა გულისხმობს გადახედვას, არის თუ არა ჰონგ-კონგი საკმარისად ავტონომიური იმისთვის, რომ ვაშინგტონს მასთან სპეციალური ეკონომიკური ურთიერთობა კვლავ ჰქონდეს, რაც ჰონგ-კონგს მსოფლიო ფინანსური სტატუსის შენარჩუნებაში დაეხმარა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ეროვნული უსაფრთხოების კანონის, ე.წ. 23-ე მუხლის, მიღება ჰონგ-კონგის მთავრობამ ერთხელ 2003 წელს სცადა, თუმცა მასობრივი მშვიდობიანი პროტესტის შედეგად ეს მცდელობა ჩავარდა. 

ამ სიახლის გავრცელების შემდეგ ჰონგ-კონგური დოლარის ღირებულება დაეცა.

თებერვალში ჩინეთმა ჰონგ-კონგისა და მაკაოს საქმეთა სააგენტოს ხელმღვანელი შეცვალა. იანვარში კი ჰონგ-კონგში ჩინეთის სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელად ლუო ხუინინგი დანიშნეს. სამეკავშირეო ოფისს ჩინეთის სახელმწიფო საბჭოსთან პირდაპირი კავშირი აქვს, რაც ქალაქში პეკინის გავლენისთვის მთავარი პლატფორმაა.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული აქციები გასული წლის ივნისში დაიწყო. მომიტინგეები ჩინეთის წნეხისგან გათავისუფლებას და მეტ თავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაარბიეს.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს. ჰონგ-კონგის ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავს მოდელს პეკინი უკვე წლებია სთავაზობს ტაივანს - დე-ფაქტო სახელმწიფოს, რომელსაც პეკინი მის პროვინციად თვლის. ტაივანში ეს მოდელი არასდროს ყოფილა პოპულარული, მისი არაეფექტურობა ჰონგ-კონგის აქციების შემდეგ ნათლად გამოჩნდა. ჰონგ-კონგში მიმდინარე ამბებმა გავლენა მოახდინა ტაივანის არჩევნებზე და პრეზიდენტად. პრო-პეკინელი კანდიდატის საწინააღმდეგოდ, ცაი ინგ-ვენს დაუჭირეს მხარი.

პეკინი ქალაქის მმართველობასა და მიმდინარე პროცესებზე გავლენას უარყოფს და "არეულობას" დასავლეთის ჩარევას აბრალებს. ამჟამად ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. მომავალი არჩევნები სექტემბერში გაიმართება და შესაძლოა, პროდემოკრატიულმა კანდიდატებმა გასული წლის ადგილობრივი არჩევნების მსგავსად, ამ არჩევნებზეც გაიმარჯვონ.

გასული წლის დეკემბერში ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტს.

კანონი იძლევა საშუალებას, ყოველწლიურად შემოწმდეს, თუ რამდენად შეესაბამება ჰონგ-კონგის ავტონომია აშშ-სთან მის სპეციალურ სტატუსს. ამ სტატუსის ფარგლებში ამჟამად ჰონგ-კონგს აშშ-ის მიერ ჩინეთისათვის დაწესებული სანქციები არ ეხება. კანონის ფარგლებში პროტესტის დროს დაკავებულებს აშშ ვიზის მიღების საშუალებას მისცემს. კანონით შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვა.

გარდა ამისა ტრამპმა ხელი მოაწერა მეორე კანონსაც, რომელიც ჰონგ-კონგის პოლიციისათვის მიტინგების კონტროლის იარაღის მიყიდვას კრძალავს, მათ შორის ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების.

ამჟამად, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო. ასევე, აშშ ჩინეთს უსამართლო ვაჭრობაში, ტექნოლოგიურ მანიპულაციაში ადანაშაულებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები