შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი

"ნორმებს გავწერთ დროებით" - სადავო კანონპროექტს კენჭი ამ დათქმით უყარეს და I მოსმენით მიიღეს

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

80 მომხრე, 3 - წინააღმდეგი. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები დააწესოს.

ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

კენჭისყრის წინ ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, ის ნორმები, რაზეც პარლამენტმა დღეს იმსჯელა, გარდამავალ დებულებებში დროებით ნორმებად ჩაიწეროს.

"სავარაუდო თარიღად გთავაზობთ ივლისის რომელიმე რიცხვს. დღეს გავიაროთ კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით, მათ შორის მთავრობასთანაც. იმის მიხედვით, როგორი იქნება საჭიროება, შევთანხმდეთ ივლისის თვის რომელიმე რიცხვზე. გთავაზობთ, ამ დათქმით ვუყაროთ კენჭი ცვლილებებს", - თქვა კობახიძემ.

მთელი დღის განმავლობაში გარდამავალ დებულებებზე საუბარი არ ყოფილა. რამდენიმე წუთით ადრე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ არსებულ ვითარებაში მხოლოდ სამი ვარიანტი არსებობს: საგანგებო მდგომარეობის დატოვება, ვირუსის მიშვება ან ამ კანონის მიღება. მან ოპოზიციას ამ სამიდან ერთის ამოსარჩევად ხვალამდე ვადაც კი მისცა.

კანონპროექტი ითვალისწინებს საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მიზეზად კი ახალ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ასახელებს.

ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, ამასთან, ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს და რომ გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია

საქართველოში 21 მარტიდან დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. 23 მაისიდან ის მოიხსნება, კომენდანტის საათთან ერთად. მთავრობას სურს, სხვა შეზღუდვები, რომელიც ტრანსპორტის აკრძალვას, გაადგილებას და ბიზნესის მუშაობას ეხება, ძალაში დატოვოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები