აშშ-ჩინეთი

ტრამპი ჰონგ-კონგის ავტონომიის შეზღუდვაზე: აშშ-ს ძლიერი რეაქცია ექნება თუ ჩინეთი ამას იზამს

ჰონგ-კონგი. 2019 წელი.

21 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ძლიერი რეაქცია ექნება, თუ ჩინეთი თავის გეგმას მიჰყვება და ჰონგ-კონგის ახალ ეროვნული უსაფრთხოების კანონებს მიიღებს.

ეს განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ ჩინეთის ეროვნული პარტიის კომიტეტის დღის წესრიგში გამოჩნდა "ჰონგ-კონგის სამართლებრივი სისტემის აღსრულების მექანიზმის დამკვიდრება და გაუმჯობესება".

უცხოური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კანონები აკრძალავს სეცესიას, ნებისმიერ საგარეო ჩარევას, ტერორიზმს და ყველა ქმედებას, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული. ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც, 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე დაემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

ხისტი პოზიცია გამოხატეს აშშ-ის კანონმდებლებმა და პირველი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყეს. რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა თქვეს, რომ ჰონგ-კონგის ავტონომიის შელახვის შემთხვევაში ჩინელ მაღალჩინოსნებს ამერიკული სანქციები ემუქრებათ.

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის თქმით, თუ პეკინი ჰონგ-კონგზე "მომავალ შეტევებს" გააგრძელებს, აშშ ჩინეთთან ურთიერთობებს გადახედავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გააფრთხილა ოფიციალური პეკინი, რომ ჰონგ-კონგის მაღალი ხარისხის ავტონომია, ადამიანის უფლებებს დაცვა ტერიტორიის განსაკუთრებული სტატუსისთვის აუცილებელია. დეპარტამენტში თქვეს, რომ ნებისმიერ ნაბიჯს, რაც ჰონგ-კონგელი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, აშშ და საერთაშორისო საზოგადოება ძლიერად დაგმობს.

ტაივანი ჩინეთს აფრთხილებს, რომ ეს ნაბიჯი უფრო დიდ არეულობას გამოიწვევს და პეკინს მოუწოდებს, რომ ჰონგ-კონგელ ხალხთან დიალოგი დაიწყოს.

ჰონგ-კონგში, საპასუხოდ, საპროტოტესტო აქცია იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ეროვნული უსაფრთხოების კანონის, ე.წ. 23-ე მუხლის, მიღება ჰონგ-კონგის მთავრობამ ერთხელ 2003 წელს სცადა, თუმცა მასობრივი მშვიდობიანი პროტესტის შედეგად ეს მცდელობა ჩავარდა.

------------------

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის ფართომასშტაბიანი პროდემოკრატიული აქციები გასული წლის ივნისში დაიწყო. მილიონობით მომიტინგე ჩინეთის წნეხისგან გათავისუფლებას და მეტ თავისუფლებას ითხოვს. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაარბიეს.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარიეკონომიკური სისტემის მოდელი და ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს. ჰონგ-კონგის ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავს მოდელს პეკინი უკვე წლებია სთავაზობს ტაივანს - დე-ფაქტო სახელმწიფოს, რომელსაც პეკინი მის პროვინციად თვლის. ტაივანში ეს მოდელი არასდროს ყოფილა პოპულარული, მისი არაეფექტურობა ჰონგ-კონგის აქციების შემდეგ ნათლად გამოჩნდა. ჰონგ-კონგში მიმდინარე ამბებმა გავლენა მოახდინა ტაივანის არჩევნებზე და პრეზიდენტად პრო-პეკინელი კანდიდატის საწინააღმდეგოდ, ცაი ინგ-ვენს დაუჭირეს მხარი.

პეკინი ქალაქის მმართველობასა და მიმდინარე პროცესებზე გავლენას უარყოფს და "არეულობას" დასავლეთის ჩარევას აბრალებს. ამჟამად ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. მომავალი არჩევნები სექტემბერში გაიმართება და შესაძლოა, პროდემოკრატიულმა კანდიდატებმა გასული წლის ადგილობრივი არჩევნების მსგავსად, ამ არჩევნებზეც გაიმარჯვონ.

გასული წლის დეკემბერში ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტს.

კანონი იძლევა საშუალებას, ყოველწლიურად შემოწმდეს, თუ რამდენად შეესაბამება ჰონგ-კონგის ავტონომია აშშ-სთვის მის სპეციალურ სტატუსს. ამ სტატუსის ფარგლებში ამჟამად ჰონგ-კონგს აშშ-ის მიერ ჩინეთისათვის დაწესებული სანქციები არ ეხება. კანონის ფარგლებში პროტესტის დროს დაკავებულებს აშშ ვიზის მიღების საშუალებას მისცემს. კანონით შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვა.

გარდა ამისა ტრამპმა ხელი მოაწერა მეორე კანონსაც, რომელიც ჰონგ-კონგის პოლიციისათვის მიტინგების კონტროლის იარაღის მიყიდვას კრძალავს, მათ შორის ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების.

ამჟამად, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო. ასევე, აშშ ჩინეთს უსამართლო ვაჭრობაში, ტექნოლოგიურ მანიპულაციაში ადანაშაულებს.

კომენტარები