საქართველო-უკრაინა

ზალკალიანი: ჩვენს ელჩს უკრაინაში 2-კვირიანი კარანტინი ორშაბათს უსრულდება და შევხვდებით

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

უკრაინის ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს, რომელიც საქართველოში კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიწვიეს, რაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა, 2-კვირიანი კარანტინი დაუმთავრდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა ორშაბათს, 24 მაისს არის ჩანიშნული.

მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თქვა, რომ უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა, ორმხრივ ურთიერთობაში "იმ სიტუაციამ სერიოზული პრობლემები შექმნა".

"ის უკვე თბილისშია, 2-კვირიანი კარანტინი უსრულდება ორშაბათს. ორშაბათს არის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული. მოვა სამინისტროში და ჩვენ გავივლით ყველა დეტალს, რაც არის დაკავშირებული არსებულ სიტუაციასთან. ასევე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან მომავალ ურთიერთობასთან დაკავშირებით. იცით, რომ მიუხედავად ამ პრობლემისა [სააკაშვილის დანიშვნის], ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინასთან სტრატეგიულ პარტნიორობას და იგივე ერთობლივი განცხადება და სხვა, გადახედვას არ ექვემდებარება.

თუმცა, ორმხრივ ურთიერთობაში იმ სიტუაციამ სერიოზული პრობლემები შექმნა. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული ანალიზი იმისა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ორმხრივი ურთიერთობა", - თქვა ზალკალიანმა.

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში სააკაშვილის ჯერ ვიცე პრემიერად, შემდეგ კი მრჩევლად დანიშვნის შესახებ საუბარი დაიწყო, ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ, საქართველოს სახელმწიფოს მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ყოფილი პრეზიდენტის დანიშვნამ შესაძლოა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვა განაპირობოს.

სააკაშვილის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები