ჰონგ-კონგი

პეკინს ახალი კანონებით ჰონგ-კონგში უსაფრთხოების სააგენტოების დაარსება შეეძლება

0 კომენტარი

პეკინმა ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების კანონების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება.

დოკუმენტში წერია, რომ კანონები უზრუნველყოფს ცენტრალური მთავრობის "საერთო იურისდიქციას" და ასევე ჰონგ-კონგის "მაღალი ხარისხის ავტონომიას".

ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად "საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური სახალხო მთავრობის შესაბამისი ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები სააგენტოებს დააარსებს," - წერია დოკუმენტში. 

უცხოელი დიპლომატები ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით პეკინს ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის უსაფრთხოების და სადაზვერვო სამსახურების გაფართოება შეეძლება. ამჟამად მათ ქალაქში რაიმე სააღსრულებლო ქმედება არ შეუძლიათ.

ჰონგ-კონგის ლიდერმა, კერი ლამმა, რომლის გადადგომასაც ჰონგ-კონგელი ხალხი უკვე ერთი წელია ითხოვს, თქვა, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ჩინეთის პარლამენტთან ითანამშრომლებს. ის ირწმუნება, რომ ახალი კანონები ჰონგ-კონგის იურიდიულ ავტონომიაზე, უფლებებზე და თავისუფლებებზე გავლენას არ მოახდენს. 

ჰონგ-კონგის დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ამ კანონების მიღება "ჰონგ-კონგის დასასრული იქნება".

ჰონგ-კონგის ჰანგ სენგის ინდექსი 5.6%-მდე დაეცა. 2015 წლის ივლისის შემდეგ ერთ დღეში ეს ყველაზე დიდი პროცენტული ვარდნაა.

ჩინეთის პარლამენტი ჰონგ-კონგის ავტონომიის შემზღუდავი კანონების მიღების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

უცხოური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კანონები აკრძალავს სეცესიას, ნებისმიერ საგარეო ჩარევას, ტერორიზმს და ყველა ქმედებას, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული. ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც, 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე დაემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

ჰონგ-კონგში, საპასუხოდ, საპროტოტესტო აქცია იგეგმება.

ტრამპმა, განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ძლიერი რეაქცია ექნება, თუ ჩინეთი თავის გეგმას მიჰყვება და ჰონგ-კონგის ახალ ეროვნული უსაფრთხოების კანონებს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ეროვნული უსაფრთხოების კანონის, ე.წ. 23-ე მუხლის, მიღება ჰონგ-კონგის მთავრობამ ერთხელ 2003 წელს სცადა, თუმცა მასობრივი მშვიდობიანი პროტესტის შედეგად ეს მცდელობა ჩავარდა.

------------------

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის ფართომასშტაბიანი პროდემოკრატიული აქციები გასული წლის ივნისში დაიწყო. მილიონობით მომიტინგე ჩინეთის წნეხისგან გათავისუფლებას და მეტ თავისუფლებას ითხოვს. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაარბიეს.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს. ჰონგ-კონგის ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავს მოდელს პეკინი უკვე წლებია სთავაზობს ტაივანს - დე-ფაქტო სახელმწიფოს, რომელსაც პეკინი მის პროვინციად თვლის. ტაივანში ეს მოდელი არასდროს ყოფილა პოპულარული, მისი არაეფექტურობა ჰონგ-კონგის აქციების შემდეგ ნათლად გამოჩნდა. ჰონგ-კონგში მიმდინარე ამბებმა გავლენა მოახდინა ტაივანის არჩევნებზე და პრეზიდენტად პრო-პეკინელი კანდიდატის საწინააღმდეგოდ, ცაი ინგ-ვენს დაუჭირეს მხარი.

პეკინი ქალაქის მმართველობასა და მიმდინარე პროცესებზე გავლენას უარყოფს და "არეულობას" დასავლეთის ჩარევას აბრალებს. ამჟამად ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. მომავალი არჩევნები სექტემბერში გაიმართება და შესაძლოა, პროდემოკრატიულმა კანდიდატებმა გასული წლის ადგილობრივი არჩევნების მსგავსად, ამ არჩევნებზეც გაიმარჯვონ.

გასული წლის დეკემბერში ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტს.

კანონი იძლევა საშუალებას, ყოველწლიურად შემოწმდეს, თუ რამდენად შეესაბამება ჰონგ-კონგის ავტონომია აშშ-სთვის მის სპეციალურ სტატუსს. ამ სტატუსის ფარგლებში ამჟამად ჰონგ-კონგს აშშ-ის მიერ ჩინეთისათვის დაწესებული სანქციები არ ეხება. კანონის ფარგლებში პროტესტის დროს დაკავებულებს აშშ ვიზის მიღების საშუალებას მისცემს. კანონით შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვა.

გარდა ამისა ტრამპმა ხელი მოაწერა მეორე კანონსაც, რომელიც ჰონგ-კონგის პოლიციისათვის მიტინგების კონტროლის იარაღის მიყიდვას კრძალავს, მათ შორის ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების.

ამჟამად, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო. ასევე, აშშ ჩინეთს უსამართლო ვაჭრობაში, ტექნოლოგიურ მანიპულაციაში ადანაშაულებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები