კორონავირუსი საქართველოში

ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების - 14-ით

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, ცნობით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების კი - 14-ით. 

ჯამში, ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 509 გამოჯანმრთელდა, 12 კი - გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოს კლინიკებში კორონავირუსის ინფექციას 207 პაციენტი მკურნალობს. 

ეზუგბაია ამბობს, რომ 5 დადასტურებული შემთხვევიდან 3 უკვე აღრიცხული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო 2-ს ახალი კორონავირუსი საკარანტინე სივრცეში დაუდასტურდა. ეზუგბაიას თქმითვე, არცერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის. 

ექიმის თქმით, ამ 5 პაციენტიდან ინფექციურ საავადმყოფოში არცერთი გადაუყვანიათ. ინფექციურში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტი მკურნალობს. 

"კლინიკაში გვყავს 3 მძიმე პაციენტი, კრიტიკული უკვე არცერთი აღარაა. გაუმჯობესებულია მდგომარეობა, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ პროგრესულად მძიმედ რჩებიან, თუმცა ამ ეტაპზე ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი არ გვყავს", - თქვა ეზუგბაიამ. 

კომენტარები