აშშ - ჩინეთი

პომპეო: ჰონგ-კონგზე ჩინეთის დამღუპველ წინადადებას ვგმობთ

0 კომენტარი
მაიკ პომპეო ფოტო: Dunia-rmol

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ აშშ გმობს ჩინეთის დამღუპველ წინადადებას ჰონგ-კონგზე.

ჩინეთი ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონების მიღებას აპირებს, რაც ჰონგ-კონგს კუთვნილ ავტონომიას შეუზღუდავს. ჰონგ-კონგის დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ამ კანონების მიღება "ჰონგ-კონგის დასასრული იქნება".

პომპეოს განცხადებით, ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ტერიტორიის სპეციალურ ეკონომიკურ სტატუსზე.

მისი განცხადებით, ჩინეთის წინადადება არის თვითნებური და ცალმხრივი.

სახელმწიფო მდივანმა პეკინს დაჟინებით მოუწოდა, გადახედოს ამ წინადადებას, დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს და პატივი სცეს ჰონგ-კონგის მაღალი ხარისხის ავტონომიას, დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. მისივე განცხადებით, ყოველივე ეს არის წინაპირობა, რის გამოც აშშ-ისთვის ჰონგ-კონგი სპეციალურ სტატუსს ატარებს.

6 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის განხილვა დროებით გადადო. სპეციალური სტატუსის განხილვა გულისხმობს გადახედვას, არის თუ არა ჰონგ-კონგი საკმარისად ავტონომიური იმისთვის, რომ ვაშინგტონს მასთან სპეციალური ეკონომიკური ურთიერთობა კვლავ ჰქონდეს, რაც ჰონგ-კონგს მსოფლიო ფინანსური სტატუსის შენარჩუნებაში დაეხმარა.

ჰონგ-კონგის ყოფილმა მმართველმა, კრის პატენმა, განაცხადა, რომ ჩინეთმა ჰონგ-კონგს უღალატა.

"ჩვენ აღარ უნდა დავრჩეთ გასულელებულები, რომ ქედის მოხრისთვის თითქოს დიდი ოქროს ქვაბი გველოდება. ეს ყოველთვის ილუზია იყო," - განაცხადა მან ჩინეთზე საუბრისას.

ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მძლავრი რეაქცია ექნება, თუ ჩინეთი თავის გეგმას მიჰყვება და ჰონგ-კონგის ახალ ეროვნული უსაფრთხოების კანონებს მიიღებს.

ხისტი პოზიცია გამოხატეს აშშ-ის კანონმდებლებმა და პირველი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყეს. რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა თქვეს, რომ ჰონგ-კონგის ავტონომიის შელახვის შემთხვევაში, ჩინელ მაღალჩინოსნებს ამერიკული სანქციები ემუქრებათ.

უცხოური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კანონები აკრძალავს სეცესიას, ნებისმიერ საგარეო ჩარევას, ტერორიზმს და ყველა ქმედებას, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული. პეკინს ახალი კანონებით ჰონგ-კონგში უსაფრთხოების სააგენტოების დაარსება შეეძლება. ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც, 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე დაემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ეროვნული უსაფრთხოების კანონის, ე.წ. 23-ე მუხლის, მიღება ჰონგ-კონგის მთავრობამ ერთხელ 2003 წელს სცადა, თუმცა მასობრივი მშვიდობიანი პროტესტის შედეგად ეს მცდელობა ჩავარდა.

------------

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის ფართომასშტაბიანი პროდემოკრატიული აქციები გასული წლის ივნისში დაიწყო. მილიონობით მომიტინგე ჩინეთის წნეხისგან გათავისუფლებას და მეტ თავისუფლებას ითხოვს. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაარბიეს.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს. ჰონგ-კონგის ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავს მოდელს პეკინი უკვე წლებია სთავაზობს ტაივანს - დე-ფაქტო სახელმწიფოს, რომელსაც პეკინი მის პროვინციად თვლის. ტაივანში ეს მოდელი არასდროს ყოფილა პოპულარული, მისი არაეფექტურობა ჰონგ-კონგის აქციების შემდეგ ნათლად გამოჩნდა. ჰონგ-კონგში მიმდინარე ამბებმა გავლენა მოახდინა ტაივანის არჩევნებზე და პრეზიდენტად პრო-პეკინელი კანდიდატის საწინააღმდეგოდ, ცაი ინგ-ვენს დაუჭირეს მხარი.

პეკინი ქალაქის მმართველობასა და მიმდინარე პროცესებზე გავლენას უარყოფს და "არეულობას" დასავლეთის ჩარევას აბრალებს. ამჟამად ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. მომავალი არჩევნები სექტემბერში გაიმართება და შესაძლოა, პროდემოკრატიულმა კანდიდატებმა გასული წლის ადგილობრივი არჩევნების მსგავსად, ამ არჩევნებზეც გაიმარჯვონ.

გასული წლის დეკემბერში ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტს.

კანონი იძლევა საშუალებას, ყოველწლიურად შემოწმდეს, თუ რამდენად შეესაბამება ჰონგ-კონგის ავტონომია აშშ-სთვის მის სპეციალურ სტატუსს. ამ სტატუსის ფარგლებში ამჟამად ჰონგ-კონგს აშშ-ის მიერ ჩინეთისათვის დაწესებული სანქციები არ ეხება. კანონის ფარგლებში პროტესტის დროს დაკავებულებს აშშ ვიზის მიღების საშუალებას მისცემს. კანონით შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვა.

გარდა ამისა ტრამპმა ხელი მოაწერა მეორე კანონსაც, რომელიც ჰონგ-კონგის პოლიციისათვის მიტინგების კონტროლის იარაღის მიყიდვას კრძალავს, მათ შორის ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების.

ამჟამად, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო. ასევე, აშშ ჩინეთს უსამართლო ვაჭრობაში, ტექნოლოგიურ მანიპულაციაში ადანაშაულებს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები