კორონავირუსი საქართველოში

ზალკალიანი ტოროსიანზე: წუხილი გამოთქვა, მათი განმარტებით, არასწორად იყო ინტერპრეტირებული

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა, წუხილი გამოთქვა, რადგან მისი განცხადება საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.  

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა 22 მაისს თქვა, რომ სომხეთის ეპიდემიოლოგიის საწინააღმდეგო სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი. მისი ეს კომენტარი სომხურმა გამოცემამ panorama.am-მა გაავრცელა. მისივე სიტყვებით, საქართველოში, შესაძლოა, ბევრად მეტი ინფიცირებული იყოს, ვიდრე ოფიციალურადაა აღრიცხული და ამაზე ის მიანიშნებს, რომ სომხეთში შესულ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

"დამიკავშირდა ჩვენი საელჩო ერევანში და მაცნობეს, რომ განხორციელდა ზარი სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან საელჩოში, დარეკა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით. მინისტრის სახელით გამოთქვა წუხილი, რომ მისმა გამონათქვამმა, რომელიც, მათი განმარტებით, არასწორად ინტერპრეტირებული იყო, გაანაწყენა ქართველი კოლეგები. საელჩოს სთხოვა, რომ ეს პოზიცია გადმოეცა თბილისისთვის", - ამბობს ზალკალიანი ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში. 

მინისტრ ზალკალიანის შეფასებით, ტოროსიანის განცხადება მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოს მიმართ "რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული იყო." მისივე თქმით, საჭიროა, განცხადება ორიგინალს შეადარონ.

"განსხვავებები არის მოქალაქეებისთვის ტესტირებების ჩატარების მეთოდოლოგიაში. მე, რა თქმა უნდა, არ მაქვს 100%-იანი ინფორმაცია, გულწრფელად რომ ვთქვა, არც ვთვლი ამას ჩვენს პრიორიტეტულ საკითხად, მაგრამ შესაძლოა, რომ საქართველოში ჩატარებული 40 000-მდე ტესტიდან ყველა არ იყოს PCR-ტესტი. მათი ნაწილი, შესაძლოა, იყოს ექსპრეს-ტესტები, რომელსაც ჩვენ პრაქტიკაში არ ვიყენებთ, რადგანაც არ იმსახურებენ ნდობას. 

მეორე მხრივ, უტარებენ თუ არა ტესტებს კორონავირუსზე იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ინფექციის მარტივი სიმპტომები, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ? ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს, და არც მინდა, რომ ვიცოდე, ვინაიდან ეს ჩვენი პრობლემა არაა.

მესამე, კორონავირუსის სტატისტიკაში აღინიშნება თუ არა ის ადამიანები, რომლებიც პნევმონიით გარდაიცვალნენ და ამასთან მათთვის ჩატარებული ჰქონდათ დიაგნოსტირება Covid-19-ზე? ჩვენთან ერთმნიშვნელოვნად აღინიშნება. ამასთან, ვაწარმოებთ ცალკე სტატისტიკას, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს გარდაცვალება სხვა მიზეზით დაუდგინდათ", - თქვა ტოროსიანმა panorama.am-ის ცნობით. 

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. ცერცვაძის თქმით, ტოროსიანმა ბოდიში უნდა მოიხადოს. გამყრელიძე კი ამბობს, რომ ტოროსიანისგან "ასეთი არადიპლომატიური განცხადება ეუცხოვა".

კომენტარები