ნიკოლოზ ბასილაშვილი

ომბუდსმენმა ბასილაშვილის საქმის შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილ ცოლზე შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობის საქმის შესწავლა დაიწყო.

ნინო ლომჯარია ფეისბუქზე წერს, რომ მხარდაჭერას უცხადებს დაზარალებულ ქალს.

"საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო ჩოგბურთელ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა.

მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან!

მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები", - წერს სახალხო დამცველი.

ჩოგბურთელი, საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის გამო 22 მაისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს, 24 იმსჯელა და სპორტსმენს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც ბრალდებულმა 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.  

პროკურატურა აცხადებს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ბასილაშვილის მამაზეც. თუმცა, პროკურორის განცხადებით, მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, ამ ეტაპზე, დაზარალებული არ მიუთითებს".

დაცვის მხარის მტკიცებით, ბასილაშვილი უდანაშაულოა და ბრალს არ აღიარებს. 

კომენტარები