აშშ-ჩინეთი

ტრამპი: ჰონგ-კონგს სპეციალურ სტატუსს გავუუქმებთ, ჩინელ მაღალჩინოსნებს სანქციებს დავუწესებთ

დონალდ ტრამპი / სი ძინპინი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმება და ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება დააანონსა.

"ჩვენ ვიმოქმედებთ, რათა ჰონგ-კონგის შეღავათიანი სტატუსი გავაუქმოთ," - ტრამპმა ადმინისტრაციას უბრძანა, რომ ჰონგ-კონგთან სპეციალური სტატუსის შეთანხმებების გაუქმების პროცესი დაიწყოს, ექსტრადიციის ხელშეკრულებიდან დაწყებული, ექსპორტის კონტროლით დასრულებული.

პრეზიდენტის თქმით, აშშ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, რათა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და ჰონგ-კონგის მაღალჩინოსნებს, რომელთაც პირდაპირ ან ირიბად წვლილი მიუძღვით ჰონგ-კონგის ავტონომიის ძირის გამოთხრაში, სანქციები დაუწესოს.

ჩინეთი, ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონებით, ჰონგ-კონგის ავტონომიას, ფაქტობრივად, დაასრულებს.

ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა ჰონგ-კონგის ავტონომიაზე დაპირება დაარღვია. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ჰონგ-კონგელი ხალხისთვის, ჩინეთისა და მსოფლიოსთვის ტრაგედიაა.

"ჩინეთმა თავისი დაპირება 'ერთი ქვეყანა, ორი სისტემის' შესახებ შეცვალა 'ერთი ქვეყანა, ერთი სისტემით'," - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა განაცხადა, რომ 1997 წელს მსოფლიო იმას იმედოვნებდა, რომ ჰონგ-კონგი ჩინეთის მომავალი ხედვა იქნებოდა და არა იმას, რომ ის ჩინეთის წარსულის ანარეკლში დაბრუნდებოდა.

მან ასევე თქვა, რომ ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეებს შეიცავენ, აშშ-ში ჩამოსვლა უნდა აეკრძალოთ, რათა უნივერსიტეტების სასიცოცხლო კვლევები დაიცვან:

"წლების განმავლობაში, ჩინეთის მთავრობა აწარმოებდა უკანონო შპიონაჟს, რათა ჩვენი ინდუსტრიული საიდუმლოებები მოეპარა, რაც ბევრია".

28 მაისს მედიაში გავრცელდა აინფორმაცია, რომ აშშ ათასობით ჩინელი სტუდენტისთვის ვიზების გაუქმებას გეგმავს. წყაროების თქმით, ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, 3000-დან 5000-მდე ჩინელ სტუდენტს შეეხება.

პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთის მიმართ აშშ-ის ქმედებები ძლიერი და აზრიანი იქნება.

27 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, კონგრესს აცნობა, რომ ჰონგ-კონგი ჩინეთისგან ავტონომიური აღარ არის. მისი განაცხადებით, ჰონგ-კონგი აშშ-ის კანონებით გათვალისწინებული სპეციალური სტატუსის გარანტიით აღარ უნდა სარგებლობდეს.

გასული წლის დეკემბერში ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონს.

კანონი საშუალებას იძლევა, ყოველწლიურად შემოწმდეს, თუ რამდენად შეესაბამება ჰონგ-კონგის ავტონომია აშშ-სთვის მის სპეციალურ სტატუსს. კანონით, შეერთებული შტატები პერიოდულად განიხილავს, არის თუ არა ჰონგ-კონგი საკმარისად ავტონომიური იმისთვის, რომ ვაშინგტონს მასთან სპეციალური ეკონომიკური ურთიერთობა კვლავ ჰქონდეს. სეპციალური ეკონომიკური სტატუსი ჰონგ-კონგს მსოფლიო ფინანსური სტატუსის შენარჩუნებაში დაეხმარა.

აღნიშნული კანონით აშშ-ს შეუძლია ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დაუწესოს - მათი ანგარიშები გაყინოს, აშშ-ში შესვლა აუკრძალოს და სხვა.

-------------------

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მიმდინარე თვეს განახლდა, რისი მთავარი მიზეზი ჩინეთის განზრახვაა, მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში.

ჩინეთის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ჩინეთი ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" "გაუმჯობესებას" გეგმავს. კანონპროექტების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონების მიღების შემთხვევაში ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სეცესია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება ჰონგ-კონგის საშინაო საქმეებში ნებისმიერი საგარეო ძალის ჩარევა, ტერორიზმი და ყველა ქმედება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.

ახალი კანონებით, შესაძლოა, პეკინმა ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება. ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად "საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური სახალხო მთავრობის შესაბამისი ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები სააგენტოებს დააარსებს".

ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე - ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

24 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, უსაფრთხოების კანონპროეტების შესახებ განაცხადა, რომ ის ქალაქის მაღალი ხარისხის ავტონომიაზე, ჰონგ-კონგში მცხოვრებლების უფლებებსა და თავისუფლებებზე, ასევე ინვესტორთა ინტერესზე გავლენას არ იქონიებს. 

პეკინის საპირისპიროდ, დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

27 მაისს ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად წიწაკის ტყვიები გამოიყენა. აქციის მიმდინარეობისას 300-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. ჰონგ-კონგში ხელისუფლების სათავეში პეკინის მომხრე უმრავლესობაა.

კომენტარები