საკონსტიტუციო ცვლილებები რუსეთში

რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი 1 ივლისისთვის გადაიდო

ვლადიმირ პუტინი
Kremlin

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 1 ივლისისთვის გადადო რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომლის შედეგადაც მას შეეძლება, თანამდებობა 2036 წლამდე შეინარჩუნოს.

ამის შესახებ მან კანონპროექტის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ელა პამფილოვა კი ამბობს, რომ ის ინიციატივას მხარს უჭერს. მისი თქმით, ორ ან სამ რეგიონში შესაძლებელია, ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა გამოიყენონ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომლებში.

პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს კიდევ ერთი, ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ძალაუფლებაში კიდევ 6 ან 12 წლით დარჩეს.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით იცვლება მთავრობის დანიშვნის წესი. ცვლილების ამოქმედების შემდეგ, მთავრობის მეთაურს, მინისტრებსა და მოადგილეებს დუმა დაამტკიცებს. ასევე უქმდება საკონსტიტუციო შეზღუდვა ზედიზედ ორ საპრეზიდენო ვადასთან დაკავშირებით. ცვლილების მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს მიეცემა უფლება გააუქმოს და გადასინჯოს ფედერაციული კანონების კონსტიტუციურობა. ამავდროულად საკანონმდებლო გადასინჯვების ინიცირების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს ექნება.

სწორედ 15 იანვარს დაანონსდა საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებაც, რომელიც 22 აპრილს გაიმართება. ამ დღესვე სრული შემადგენლობით გადადგა რუსეთი მთავრობა. თანამდებობა დატოვა დიმიტრი მედვედევმა, მისი ადგილი რუსეთის საგასახადო სამსახურის ყოფილმა უფროსმა მიხაილ მიშუსტინმა დაიკავა.

კომენტარები