არჩევნები 2020

გოცირიძე: არც ის იქნება დიდი უბედურება, თუ მაჟორიტარებზე ვერ შევთანხმდებით

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ პარტიის პოზიციაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით საუბარი გააგრძელონ. 

თუმცა, გოცირიძე ამასთან აღნიშნავს, რომ "არც ის იქნება დიდი უბედურება", თუ ეს შეთანხმება ვერ შედგება. 

"უამრავი პარტიაა, რომელსაც ახალი კონსტიტუციით, დაბალი ბარიერით გაუჩნდა შანსი ერთი დეპუტატის ძალიან მარტივად გაყვანისა, სულ რაღაც 15 000 ხმა სჭირდება და მათთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მაჟორიტარული, არამედ პროპორციულ სიაზე მუშაობა და 30-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენება.

რეალურად, საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს ორიენტირებას პარტიულ სიაზე და არა - მაჟორიტარულ ოლქებზე. ესეც მოცემულობაა. არც ის იქნება დიდი უბედურება, თუ ვერ მოხდა ეს შეთანხმება, თუმცა სჯობს, რომ მნიშვნელოვან ოლქებში ეს მოხდეს", - თქვა რომან გოცირიძემ. 

4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კონტექსტში თქვა, რომ სრული უპასუხისმგებლობა იქნება, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია რაიმე მოტივით უარს იტყვის ამ შეთანხმებაზე. 

"არ არის დასამალი, ვისზე ვსაუბრობ. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება ნაციონალური მოძრაობის ან მათთან დაკავშირებული პირებისგან, საიდანაც ჩანდა, რომ ამ იდეის გადახედვას აქვს ადგილი", - თქვა ბოკერიამ. 

ბოკერიას ამ განცხადებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ როდესაც მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ერთერთი მხარე მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს მოლაპარაკებებს ჩრდილს აყენებს. 

ბოკერიას ამ განცხადებას წინ უძღოდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის ბრიფინგი, რომელმაც თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობას მოითხოვს. 

ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც, და ოპოზიციის წარმომადგენლებს მაჟორიტარების გადანაწილებასთან დაკავშირებით თანამშრომლობისკენ მოუწოდა

ბრიფინგი გაიმართა ევროპული საქართველოს ოფისშიც. პარტიის ერთერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, თქვა, რომ ევროპული საქართველო ერთმნიშვნელოვნად იზიარებს ნათელაშვილის ინიციატივას. 

პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, კი Facebook-ზე დაწერა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები