კაპანაძე: რეგიონებში რაც მეტ ოლქში შევთანხმდებით მაჟორიტარებზე, მით უკეთესი

პირველი არხი

ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თბილისში მაჟორიტარებზე შეთანხმება რისი ძალიან დიდი შანსიც გაჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში.

კაპანაძე იმედოვნებს, რომ შეთანხმების პროცესი მალე დასრულდება. ამის შემდეგ კი კაპანაძის თქმით, მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს რეგიონებში კანდიდატების კოორდინაციაზე. 

"ეს არ ნიშნავს, რომ ყველგან იქნება შეთანხმება შესაძლებელი, მაგრამ ყველგან არც არის საჭირო. რაც მეტ ოლქში შევთანხმდებით მით უკეთესი, მაგრამ მთავარ ცენტრებში თუ შევთანხმდებით ესეც იქნება ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი", - ამბობს კაპანაძე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას სურს, რომ საკვანძო ოლქებში საერთო კანდიდატები დააყენონ. ევროპულმა საქართველომ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, გიორგი ვაშაძის ახალმა საქართველომ, რესპუბლიკურმა პარტიამ და გირჩმა ამისთვის მზაობა გამოხატეს.

რაც შეეხება ლელოს, პარტიას სურს, რომ ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატით წარდგნენ, თუმცა, ასევე ამბობენ, რომ გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ურთიერთსარგებლობიდან გამომდინარე. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ უკვე თქვა, რომ ისინი კანდიდატს თბილისში მხოლოდ ორ ოლქში - გლდანში და სამგორში დააყენებენ. ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადანაწილდება დანარჩენი 6 ოლქი. 

კომენტარები