ეკონომიკა

OECD: მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკა შესაძლოა 10%-ით შემცირდეს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ [OECD] გლობალური ეკონომიკური ზრდის შესახებ განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში განხილულია პანდემიის განვითარების ორი სცენარი. საბაზისო სცენარში Covid-19-ის პანდემიის შეჩერება პირველი ტალღის შემდეგ მოხერხდება. ხოლო, მეორე სცენარი იმ დაშვებით არის შედგენილი, რომ მომდევნო თვეებში მსოფლიოს პანდემიის კიდევ ერთი ტალღის გადატანა მოუწევს. 

ორგანიზაციის პროგნოზით, პირველ შემთხვევაში გლობალური მშპ 6%-ით შემცირდება, ხოლო მეორე ტალღის შემთხვევაში ვარდნა 7,6%-ს გაუტოლდება. 

დოკუმენტი შეიცავს პროგნოზს საქართველოს ორი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის, რუსეთისა და თურქეთის მიმართებითაც. ორგანიზაციის პროგნოზით, პანდემიის მხოლოდ ერთი ტალღის პირობებში რუსეთის ეკონომიკა წელს 8%-ით შემცირდება. 

ხოლო, თუ კი ნოემბერში კორონავირუსული ინფექციის მეორე ტალღა გამოვლინდება რუსეთის ეკონომიკა შესაძლოა 10%-ით შემცირდეს. აღნიშნული ვარაუდი, რუსეთის ეკონომიკის მიმართ გავრცელებული ყველაზე პესიმისტური პროგნოზია. 

აპრილში გამოქვეყნებულ დოკუმენტში საერთაშორისო სავალუტო ფონდი რუსეთის მშპ-ს 6%-იან ვარდნას პროგნოზირებდა. 5%-იან დანაკლისს ვარაუდობს, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო. 

ორგანიზაციის ვარაუდით, მოვლენების პირველი სცენარით განვითარების შემთხვევაშიც კი რუსეთის ეკონომიკა კრიზისამდელ მოცულობას მხოლოდ 2022 წელს დაუბრუნდება. 

OECD-ის ვარაუდით წელს რუსეთის ექსპორტი 24%-ით შემცირდება, 8,5%-მდე გაიზრდება ბიუჯეტის დეფიციტი, ასევე, 1997 წლის შემდეგ პირველად უარყოფით მაჩვენებლებში გადავა ქვეყნის საგადასახადო ბალანსიც. 

რაც შეეხება საქართველოს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორს თურქეთს, ორგანიზაციის პროგნოზით, პანდემიის ერთი ტალღის შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკა 4%-ით, ხოლო მეორე ტალღის შემთხვევაში კი 8%-ით შემცირდება. 

ამასთანავე, ორგანიზაციაში გლობალურად უმუშევრობის მატებასა და ცხოვრების ხარისხის გაუარესებას ვარაუდობენ. მოსალოდნელია, რომ OECD-ის წევრი სახელმწიფოებში უმუშევრობის მაჩვენებელი ჯამურად 10%-ს მიაღწევს. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, ბოლო 5 წლის განმავლობაში გლობალურად შემოსავლის ზრდის კუთხით მიღწეული პროგრესი სრულიად დაიკარგება.

კომენტარები