სარედაქციო წერილი

სარედაქციო წერილი: რა ძალაუფლება აქვს ეკლესიას რყევების შემდეგ?

თამარ ჩერგოლეიშვილი, ტაბულას მთავარი რედაქტორი
ლევან სუთიძე, ტაბულას რელიგიის მიმომხილველი

შეამჩნევდით, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო ღარიბები ვართ, ხოლო ეკლესია კიდევ უფრო მდიდარი. სწორედ იმის გამო, რომ ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ შენიშნეთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, იმათი მესამედი, ვინც ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებდით, ასე აღარ ფიქრობთ - ხოლო ისინი, ვინც მის საქმიანობას უარყოფითად მიიჩნევდით, ექვსჯერ მეტნი ხართ.

ეკლესიის რეიტინგი რომ იკლებს, ეს ეკლესიაშიც შეამჩნიეს და თქვეს. თუმცა, მიუხედავად სტატისტიკური პოზიციების შერყევისა, იმით, რასაც ვხედავთ, საპატრიარქო არც პოლიტიკურ გავლენას კარგავს და არც სიმდიდრეს. არჩევნები კი კვლავ იმის შესახებაა, კიდევ რომელი ტყითა და ღრით უნდა მოიგოს ხელისუფლებამ გავლენიან იერარქთა ხრიოკი გულები, კიდევ როგორ უნდა შეეჯიბროს მიხეილ სააკაშვილი ოპონენტს რელიგიურ პოპულიზმში (ქართულ ენაზე!) და კიდევ როგორ უნდა აჰყვნენ ვეტერანი სპეკულანტების ფეხის ხმას ახლად ფორმირებული პოლიტიკური ძალები.

როგორ აისახა პანდემიის კრიზისის დროს ეკლესიის დემონსტრაციული და საზოგადოების ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაუმორჩილებლობა მისსავე რეიტინგზე, ჯერ არ ვიცით, მაგრამ შეგვიძლია, იმედი ვიქონიოთ, რომ თავგასულობა საქართველოში ადრე თუ გვიან ყელში ამოსდით.

ეკლესია კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს გავლენას ჩვენს ცხოვრებასა და პოლიტიკაზე, მაგრამ რიცხვებიცა და ლოგიკაც გვეუბნებიან, რომ ყველაფერი ძველებურად აღარ არის და ვეღარც ისე გაგრძელდება, როგორც არის, ხოლო იმის გასაგებად, თუ როგორ არის და რა შეიძლება იყოს, იქიდან უნდა დავიწყოთ, რა მოხდა და რატომ მოხდა.

თუ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევათა ამ დინამიკას დააკვირდებით, ბოლო ხუთი წლის საეკლესიო კრიზისზე კიდეც რომ არაფერი გსმენოდეთ, არც დამკვირვებლების გჯეროდეთ, რომ ტაძრებში ხალხის რაოდენობა შეთხელდა და არც ნაცნობი იერარქების საკმარისი რაოდენობა გყავდეთ, რომელთაც წუწუნი უწევთ - შესაწირი მსწრაფლშემსმენელი ხატების წინ დადგმულ ყულაბებშიც კი ცოტავდებაო, მაინც ადვილად მიხვდებით, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რაღაც დიდი მოხდა.

ეკლესიის რეიტინგი მთელი ერთი მესამედით შემცირდა, ხოლო უარყოფითი მაჩვენებლი ექვსჯერ გაიზარდა და ორიდან თორმეტ პროცენტამდე ავიდა. კლება დროში ციანიდის სკანდალს ემთხვევა, თუმცა, ეკლესიის ავტორიტეტს წყალი უფრო ადრე შეუდგა.

ორიათასიანი წლების ბოლოს, სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად, ეკლესიის მიმართ დადუმებული საზოგადოებრივი კრიტიკა სამზარეულოებიდან საჯარო სივრცეში გადმოლაგდა და ჩამომდგარ დუმილში ზარბაზნის ხმად გაისმა. სოციალურ ქსელებთან ერთად მომცრო, მაგრამ ლიბერალური მედიების განვითარებამ შექმნა საპატრიარქოს მიმართ კრიტიკულად განწყობილი სოციალური ჯგუფებისთვის პლატფორმები - კუნძულები, სადაც ცენზურის გარეშე მსჯელობის შესაძლებლობა გაჩნდა. ლიბერალური მედია მეტ ხილვადობას ნიშნავდა, მეტი ხილვადობა კი მოქნილი უმცირესობებისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნიდა. სოციალური ქსელებით ორგანიზებულ მცირე აქციებზე საპატრიარქოს არაადეკვატური და ძალადობრივი რეაქციები საბოლოოდ 2010 წელს რელიგიური ექსტრემისტების დაკავებით დასრულდა და პროგრესის ძალებისთვის დიდ გამარჯვებად იქცა - სახალხო დამცველის ანგარიშებში დაუსჯელობის განცდაზე მიტანილმა ამ იერიშმა მაშინ რელიგიური ნიშნით სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემცირება გამოიწვია.

პარალელურად, 2012 წელს ქართული ოცნების სასარგებლოდ სასულიერო დასის უპრეცედენტო პოლიტიკურ აქტივობას საზოგადოების ნაწილი ეჭვის თვალით შეხვდა. ზოგიერთი თვლიდა, რომ ივანიშვილის სასარგებლო აგიტაცია ეკლესიის მხრიდან ერთგვარი რეაქციაც იყო 2011 წელს ხელისუფლების მიერ რელიგიური ჯგუფების რეგისტრაციის წესის შესახებ მიღებულ კანონზე, რის გამოც საპატრიარქომ ქუჩაში მრავალათასიანი აქცია გამართა, მაგრამ თავისი ვერ გაიტანა.

 

ერთი წლის შემდეგ 2013 წელს ქალაქის მთავარ მოედანზე დარბეულმა ლგბტ დემონსტრაციამ საპატრიარქო გამადიდებელი შუშის ქვეშ მოაქცია და მედიასუბიექტად აქცია. ყველაფერმა ერთად: ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აზვირთებულმა ისლამოფობიის ტალღამ, საბჭოთა ტიპის რელიგიის სააგენტოს შექმნით უმცირესობების დამორჩილების მცდელობამ და წვრილ-წვრილმა ქსენოფობიამ საპატრიარქო საინფორმაციო ბადეში დააწინაურა, რაც იმას ნიშნავს, რომ შენი კარგიც მეტად გამოჩნდება და ცუდიც - გააჩნია, რომელი მეტი გაქვს.

უწინ მეგობრული მედიაც კი, რომელიც წლების განმავლობაში დახურული იყო საპატრიარქოს კრიტიკისთვის, მომხდარის მასშტაბიდან გამომდინარე, თვალს ვერ აარიდებდა იმ არნახულად გაზრდილ ძალადობრივ აქტივობას, რომელსაც ეკლესიამ მიმართა - ოპოზიციური ნაციონალური მედია წარსული საარჩევნო გამოცდილებისა და საპატრიარქოს ოფიციოზის ღია თავდასხმების პასუხად ეკლესიის კრიტიკის მინიმუმს საეთერო დროს აძლევდა. ამას გარდა, პირველი პრეზიდენტის მომხრეებს კათალიკოსი ილია არასდროს უყვარდათ, მაგრამ ლიბერალური მედიის მიერ გაჭრილი ფანჯრიდან, რომელმაც ნაციონალურ მედიას დღის წესრიგი უკარნახა, გამოხატვა გაუადვილდათ.

საბოლოოდ, ხელისუფლებას დასავლელ პარტნიორებთან არეული დღის წესრიგის გასაუმჯობესებლად მოუხდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, რომელიც კონსტიტუციაში ეკლესიის მოთხოვნით მიღებული ჰომოფობიური ჩანაწერით მალევე დააბალანსა, რითაც საპატრიარქოს მარცხი გამარჯვებად შემოუბრუნდა.

ჩვენ სულ უფრო აქტიურად ვხედავდით ოდიოზურ იერარქებს, რომლებიც საზოგადოების ნაწილს საკუთარი ლექსიკითა და არაადეკვატურობით განიზიდავდნენ და არც თუ იშვიათად შთაგონების წყარო ხდებოდნენ ანეკდოტებისათვის. გაჩნდა განცდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ინსტინქტებმა უმტყუნა და საკუთარი ინტერესების საზიანოდ მარბიელი ჯგუფების აშვება გონივრულად მიიჩნია, რომელთა ქცევასაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის რეიტინგიც ვერ შეალამაზებდა, იმ კათალიკოს-პატრიარქისა, რომელმაც პონტიფიკატის ბოლო წლებში ხან ემიგრანტი ქალები გაანაწყენა, ხან სუროგაციით დაიმედებულნი და ხანაც სოციალურად დაუცველები - ხიზილალით გაიხსნილეთო.

სწორედ ასეთი კლიმატით შეაბიჯა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ციანიდის სკანდალში, რომელსაც იქამდე არსებული კრიზისებისგან მთავარი მოქმედი პირები განასხვავებდა.

42 წლის საჭეთმპყრობლობის განმავლობაში, კათალიკოსი ილია ქვეყანაში სტაბილურობისა და მუდმივობის განცდას ქმნიდა - მათ შორის ამას ემყარებოდა მისი პირველობა ყველა რეიტინგში. მას ეჭირა საკუთარი იერარქია, სჯიდა ურჩებს და აჯილდოებდა ერთგულებს - მაგრამ სიტუაცია მას მერე შეიცვალა, რაც პატრიარქი საოპერაციო მაგიდაზე დაწვა და გარემოცვამ ოპერაციის ლეტალური რისკები დაინახა.

თუ წარსულში საქართველოს საპატრიარქო ფორმალურ ერთიანობას ინარჩუნებდა და მტრებს თავისი ყრუ გალავნის იქით ეძებდა, მოულოდნელად აფეთქებულმა საქმემ აჩვენა, რომ იერარქია არათუ ერთიანი - ურთიერთდაპირისპირებული და ძალაუფლებას დახარბებული ყოფილა. ციანიდის საქმემ გუდას პირი მოხსნა და სააშკარაოზე გამოიტანა ტყუილ-მართალი, რომელიც ნეტარ მორწმუნეთა წარმოდგენებშიც კი ძირს უთხრიდა საპატრიარქოს მყუდრო პოლიტიკას - Don't ask, don't tell.

თავად ციანიდის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა მეორეხარისხოვანი გახდა, რადგან ძალაუფლებისთვის მებრძოლმა იერარქებმა კიდევ უფრო მეტი საჯარო სითამამითა და ლექსიკონით თემას თემა მიამატეს და სენსაციების მოყვარული პროდიუსერების მადა წაახალისეს. ფუფუნება, ჯიპები, მიწები, ბორდელები, ოქროს თევზები, ხელის ბიჭები, კორუფცია, რუსეთის აგენტები, ლაჩრობა და ვაჟკაცობა - ეს იყო “თეგები” რომლებიც საპატრიარქოსთან “ილინკებოდა” და რომელსაც იერარქია ერთმანეთის მიმართ ადვილად შესამჩნევი სიძულვილით გამოხატავდა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ისინი, ვინც „ლიბერასტებად“ იყვნენ შერაცხილნი, შვებულებაში გავიდნენ - ეკლესია საკუთარ თავს დაუხმარებლადაც ააშკარავებდა.

კრიზისის მიუხედავად, საპატრიარქომ მაინც შეძლო მართლმსაჯულების სისტემაზე გავლენის მოხდენა - საქმე დახურეს და დეკანოზი, რომელსაც ყველა მიუკერძოებელი მხარის დასკვნით სამართლიანი სასამართლოს უფლება წაართვეს, ციხეში გამოკეტეს. ორი უმსხვილესი ძალა - ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, გავლენის აგენტ მედიებთან ერთად ერთმანეთს აბრალებდა პატრიარქის მკვლელობას, საპატრიარქოში ძალაუფლების მოპოვების მცდელობასა და ეკლესიასთან ბრძოლას.

შემდეგ საპატრიარქომ გააკეთა ის, რასაც საქმის მცოდნე პოლიტიკური ჯგუფები აკეთებენ, როცა სხვა აღარაფრის გაკეთება აღარ შეუძლიათ - გუნდი განაახლა. გავლენიანმა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წინასწარ განაცხადა, რომ პატრიარქი არ გახდება, საპატრიარქო დატოვა დეკანოზი მამალაძის ყველა მოკავშირემ, კათალიკოსმა ილიამ კი კანონიკურად სათუო გადაწყვეტილება მიიღო - სიცოცხლეშივე მოსაყდრედ დაადგინა შავრაზმული შეხედულებების მქონე ახალგაზრდა მოსაყდრე, რომელმაც საპატრიარქოში ახალი ხალხი მოიყვანა და არტიკულაციის უნარის არმქონე მღვდლებს მედიასთან ურთიერთობა აუკრძალა. არ გამოვიდა. ეკლესია კვლავ აგრძელებდა ამავე მოსაყდრესთან ახლო მყოფი, რუსეთთან დაკავშირებული შავრაზმელი დონორის, ლევან ვასაძის ძალადობრივი დარბევების მხარდაჭერასა და ძველებური წარმატებით ვეღარ ახერხებდა ძალადობისგან დისტანცირებას.

მოგვიანებით მოულოდნელი რამ მოხდა - ჰელოუინის დილას გაღვიძებულებმა ვნახეთ, როგორ გამორბოდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სინოდის სხდომიდან, მოარღვევდა რეპორტიორთა არმიას და მრისხანედ ამბობდა, რომ ქართველების საყვარელი კათალიკოსი, რომელმაც სახელი ჰომოსექსუალებზე ნადირობით გაითქვა, სინამდვილეში სექსუალური მოძალადე და “სოდომური ცოდვით შეპყრობილია”. არც მთქმელს სჯეროდა, რომ ამოთქვა და არც მსმენელს, რომ გაიგონა. ენა ებმოდათ არა მხოლოდ იმათ, ვინც ადგილიდან გადმოგვცემდა, ენა ებმოდათ იქაც, სადაც გადასცემდნენ - სტუდიებში მსხდარი მათი კოლეგები ჭყონდიდელის ციტირებას ვერ ბედავდნენ.

პანდემიის კრიზისის დროს საგანგებო მდგომარეობის დარღვევით აღვლენილმა წირვა-ლოცვებმა კიდევ ერთი დიდი აურზაური წარმოშვა და კორონავირუსთან ერთად ეკლესია კვლავ მთავარ თემად გადააქცია, რომ არაფერი ვთქვათ ერთმანეთთან ავტომატით დაპირისპირებულ მღვდლებზე, პედოფილიის სკანდალებსა და ათას “წვრილმანზე”, რომლებიც ეპიზოდურად იფეთქებდა ხოლმე იმ ეკლესიის წიაღში, რომელიც უკვე არა ამბიონზე, არამედ პოლიტიკურ ტრიბუნასთან დგას.

სეკულარიზმის ათწლიანი აქტიური კრიზისის ბოლოს ეკლესია სახეს მნიშვნელოვანწილად თავისი საჭეთმპყრობლის პირადი რეიტინგით ინარჩუნებს. საჭეთმპყრობელი კი მოხუცდა. ორმოცდაორწლიანი პონტიფიკატის შემდეგ ის საპატრიარქო კათედრაზე მეუფებს, განსჯის და მოითხოვს - მაგრამ კათედრები ქვრივდებიან, იერარქები კი იცვლებიან.

პონტიფიკატის ბოლო წლებში მისი ეკლესიის რეიტინგი შემცირებულია, მაგრამ მეტნაკლებობაში მთავარი მაინც რიცხვებია. როგორც კარგად იხუმრეს, შესაძლოა 150 კილოდან 25 დაიკლო, მაგრამ მაინც ჭარბწონიანი გქვია. ეკლესიის სიმდიდრის ზრდა და პოლიტიკური წონის შენარჩუნება რეიტინგის კლების ფონზე აღარ გაგვიკვირდება, თუ კონცენტრირებული სარგებლისა და გაბნეული ხარჯის თეორიას გავიხსენებთ. ლობისტებს არ სჭირდებათ საზოგადოებრივი რეიტინგი და მხარდაჭერა იმისთვის, რომ სარგებელი ნახონ ისე, რომ ჩვენ ცხოვრება გაგვიძვირდეს. ვიწუწუნებთ, უკმაყოფილებას გამოვხატავთ, სოციალურ ქსელშიც სასტიკად დავგმობთ - მაგრამ არც იმხელა მოტივაცია გვექნება და ძალისხმევასაც ალბათ ნაკლებს გავიღებთ, რასაც კონცენტრირებული ფული და დიდი სარგებლით დაინტერესებული ლობისტი. ეკლესია ფლობს უმსხვილეს კაპიტალს და ყბადაღებული 25 მილიონი მისი მხოლოდ უმცირესი ნაწილია - რეგიონებში ის არც გულმხურვალე ბებიების ათთეთრიანი სანთლებით სულდგმულობს და არც შეწირული სეფისკვერით - ეპარქიები დიდი ხნის წინ იქცნენ „ცეხავიკობიდან“ ამოზრდილი მსხვილი თუ საშუალო ბიზნესის მოკავშირეებად, რომელთაც, თავის მხრივ, ეკლესიის სახით ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ძალოვან სტრუქტურებთან თუ სასამართლო ხელისუფლებასთან დიდი და არაფორმალური შემწე ჰყავთ. შესაბამისია გასამრჯელოც. ისიც საგულისხმოა, რომ მსხვილი და საშუალო ბიზნესი არცთუ იშვიათად ფლობს მედიას, არცთუ იშვიათად აფინანსებს საპატრიარქოსთვის არასასურველი თავყრილობების დარბევას და არცთუ იშვიათად ახდენს გავლენას ჩვენს მართლმსაჯულებაზე. როცა შენი რეიტინგი კვლავ დიდ რიცხვებს ეთამაშება და კვლავ ყველა პოლიტიკური პარტიისას აღემატება, ბუნებრივია, თამაშში კვლავ ისეთივე უნაკლო სუფრით რჩები, როგორც იქამდე გქონდა - რეიტინგის კრიტიკულ შემცირებამდე ეკლესია კვლავ ანგარიშგასაწევ ძალად დარჩება.

საპატრიარქოს რეიტინგის დღევანდელი რიცხვები პოლიტიკური დღის წესრიგისთვის კვლავ იმას ნიშნავს, რომ საპატრიარქოს კრიტიკით პოლიტიკურ ძალას ქულები არ მოემატება, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს რომ ვერც კრიტიკა დააკლებს ქულებს ძველებურად და აღარც იმ კელაპტრის უსასრულოდ დაგრძელებაა საჭირო, რომლითაც სამების საკათედრო ტაძრის სადღესასწაულო ლიტურგიაზე უნდა წარდგე მეუღლითა და ოცი შვილით. ეს მოცემულობა ყველასთვის გასაგებია, მაგრამ პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ვერაფერი ძველი ვერ დაივიწყეს და ვერაფერი ახალი ვერ ისწავლეს, გაკვალულ გზას მისდევენ - მათ ხელს აძლევს ეკლესიის გავლენის შენარჩუნება, ეკლესია კი - მათთან ახლოს. ის უადვილდებათ, რაც იციან.

მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში, პროგრესის ძალებმა მოახერხეს საკმარისად თვითორგანიზება იმისათვის, რომ პოლიტიკურმა აქტორებმა რელიგიურ პოპულიზმში ფასი გადაიხადონ. პოლიტიკოსებს სულ უფრო მეტად უჭირთ შავრაზმული და ქსენოფობიური გამოხატვა და მათ თანაპარტიელებს სულ უფრო ეთაკილებათ მათი უთავმოყვარეო გამართლება.

ეკლესიას კვლავ უზარმაზარი გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე, მაგრამ ბოლო წლებში ვნახეთ, რომ არავის რეიტინგი არ არის სამუდამო და ახალბედა აქტივისტებს ნიჰილიზმის საფუძველი არა აქვთ - მოქნილი უმცირესობები უმთავრესად ახერხებდნენ ტლანქი უმრავლესობის დაბალანსებას - არც ჩვენ ვართ სოციალური ანომალია.

ყველამ, ვინც სეკულარული, ქართული ლიბერალური დემოკრატიისთვის ბრძოლას გადაწყვეტს, უნდა იცოდეს, რომ ცვლილებები ნელა მოდის, შენებას კი გაცილებით დიდი დრო სჭირდება, ვიდრე ნგრევას. მოთმინებაა მთავარი.

კომენტარები