კონგრესმენების კრიტიკა

კანდელაკი: ოცნების ლიდერები ამ 13 კონგრესმენიდან ორს წარსულშიც და ახლაც ეთანამშრომლებიან

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

13 კონგრესმენიდან, რომლებიც უშუალოდ აწერენ ხელს გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშს, ქართული ოცნების ლიდერები ორ მათგანს წარსულშიც და ახლაც ეთანამშრომლებიან. ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა ისაუბრა.

გიორგი კანდელაკი კონგრესმენების, ალექს მუნისა და ჯო უილსონის თბილისში ვიზიტებსაც იხსენებს და ამბობს, რომ მათ ქართული ონცების ლიდერები, არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ხვდებოდნენ. კანდელაკის განმარტებით, ქართული ოცნების წარმომადგენლები ამ კონგრესმენებთან გამართული შეხვედრებით კმაყოფილნი იყვნენ.

"კონგრესმენი ალექს მუნი თბილისშიც იყო ჩამოსული დ არჩილ თალაკვაძეს შეხვდა, კონგრესმენი ჯო უილსონის ხელმძღვანელობით დელეგაცია, მე რაც მახსოვს, 2-ჯერ იყო თბილისში ჩამოსული, 2015-17წწ-ში. მათ ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა, სურათიც აქვს გადაღებული. მას თალაკვაძეც შეხვდა ვაშინგტონში ... ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ ქართული ოცნების ლიდერები აცხადებდნენ, რომ შეხვედრა გადასარევი იყო", - ამბობს კანდელაკი.

თუმცა, კონგრესმენების მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშს დღეს ქართულ ოცნებაში "რანგს" უწუნებენ. მეტიც, ირაკლი კობახიძემ დოკუმენტის "რანგის" დაწუნების შემდგომ, ტექსტში ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოთქმული კრიტიკული ფრაზები "ნაციონალური მოძრაობის ფულის" დამსახურებად აღიქვა.

გიორგი კანდელაკის განმარტებით, ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკური პარტიის სამუშაო ჯგუფის ანგარიშზე ასეთი განცხადებების გაკეთება შეურაცხმყოფელი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან არსებული ურთიერთობისთვის შეუფერებელია.

რესპუბლიკური პარტიის სამუშაო ჯგუფი Republican Study Committee-ის (RSC) 147 კონგრესმენისგან შედგება. ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადებები ყოველი მათგანის პოზიციას გამოხატავს.

ანგარიშში, რომელიც ჯგუფმა გუშინ, 10 ივნისს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა გაზარდოს სანქცირებულ ადამიანთა სია, რომელშიც, თავის მხრივ, უნდა შევიდნენ ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. მათ შორის ასეთ ადამიანად მოხსენიებულია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

უფრო კონკრეტულად, რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა" და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული, შესამისად, საჭიროა სანქციების დაწესება.

ანგარიშს ხელს აწერს 13 კონგრესმენი: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, ქლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი. ეს ნიშნავს, რომ ტექსტის მომზადებაზე უშუალოდ ეს კონგრესმენები მუშაობდნენ, თუმცა, მის შინაარსს 147 კონგრესმენი იზიარებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები