ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში

გაჩეჩილაძე: ვარდების რევოლუციის მიტინგებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდა

ქართული ოცნების დეპუტატის, გია გაჩეჩილაძის შეფასებით, "სიმბოლურია, რომ ოპოზიცია პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას არ ესწრება, ვინაიდან ისინი გარეთაც და შიგნითაც მუშაობენ, თითქოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არ ჰყავს და ნატო და აშშ ჩვენთან დაახლოებული არ არის".

ეს, მისი შეფასებით, მეხუთე კოლონის საქციელია, ღარიბაშვილის დღევანდელი მოხსენება კი მათ ამ ნარატივს ანგრევს.

იმის მტკიცებულებად, რომ საპარლამენტო ოპოზიცია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს, გაჩეჩილაძემ 2003 წლის ვარდების რევოლუცია გაიხსენა.

"ეს ასეც იქნება იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც მათ ჩაიდინეს სახელმწიფოს წინააღდეგ. ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2003 წელს, როდესაც ისინი ვარდების რევოლუციის დროს მიტინგებს აწყობდნენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი უშუალოდ ესწრებოდა ამ მიტინგებს და იმ პროცესში შევარდნაძესთან შუამავალი იყო".

ქართული ოცნების დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება 2008 წლის ომის დროს რუსეთისთვის "ომის საზღვრების მონიშვნაშიც" დაადანაშაულა.

"2007 წელს მათ აღადგინეს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და რუსებს მომავალი ომისთვის საზღვრები მოუნიშნეს.

ყველამ იცის ისიც, რომ დამალეს რუსეთის აგრესია 7 და 8 აგვისტოს და ამის შესახებ გაეროშიც კი არ განაცხადეს. ყველამ იცის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად რუსეთის მოქალაქე დანიშნეს 2008 წლის დეკემბერში. ის ახლა ნაციონალური მოძრაობის ლიდერია. საპრეზიდენტო არჩევნებში მას კრემლთან დაახლოებული პიარმანქანა ჰყავდა ჩამოყვანილი.

ყველამ იცის, რომ 2010 წელს, როდესაც ჰააგის ტრიბუნალმა ომთან დაკავშირებით რუსეთის საწინააღმდეგო მასალები მოსთხოვა, არ მიიტანეს და ჰააგის ტრიბუნალში ეს პროცესი შეწყდა.

ყველამ იცის, რომ ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს გადასცეს და რა გასაკვირია ის ამბავი, რომ დღეს ისინი, როგორც რუსეთის, ოკუპანტების პიარმანქანა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების, პოლიციის, ეკლესიის და სხვა ინსტიტუტების წინააღმდეგ მუშაობენ. ეს ბუნებრივი, მეხუთე კოლონის ჩვეულებრივი საქციელია. ისინი აქტიურდებიან მაშინ, როდესაც აშშ ჯაველინებს გვაძლევს, რომელსაც ის მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორებს აწვდის. ბუნებრივია, შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემაში, როდესაც 2 აპრილის მინისტერიალზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს უშუალო მონაწილეობის თაობაზე, ისინი კვლავ გააქტიურდებოდნენ".

ვარდების რევოლუცია თითქმის 17 წლის წინ, 2003 წლის 23 ნოემბერს მოხდა. მას შემდეგ, რაც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა, საქართველო საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მშვიდობიანი გამოსვლების სერიას 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა - ქვეყნის მართვა ახალგაზრდა, პროდასავლელი პოლიტიკოსების გუნდმა ჩაიბარა. შევარდნაძეს გადადგომამდე კრწანისის რეზიდენციაში იგორ ივანოვი შეხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში იმ დღეს ჩამოვიდა.

ვარდების რევოლუციამ ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა მკვეთრად გააუმჯობესა. თუმცა, ქართული ოცნება მას უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს. მმართველი გუნდის ლიდერებმა ვარდების რევოლიციას, 1991 წლის პუტჩს და 20 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებს შორის ტოლობის ნიშანი დასვეს.

კომენტარები