გიორგი გაბუნიას საქმე

გიორგი გაბუნია სუს-ში არ მივა და გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე დათანხმდება

მთავარი არხი

მთავარი არხის წამყვანი გიორგი გაბუნია სუს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 18 ივნისს, 10 საათზე დაიბარა

გიორგი გაბუნია, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მსგავსად, მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს ჩვენებას. ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, სუს-ს ინფორმაცია უკვე გაუგზავნეს.

გიორგი გაბუნია მთავარ არხთან საუბარში ამბობს, რომ ის გამოძიებას არ ენდობა. 

"სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დიდი ნდობა გამოძიების ვერ გექნება, მაგრამ ამ შემთხვევაში იმედი მაქვს, რადგან სხვა ქვეყანაც, უკრაინაც არის ამ პროცესებში ჩართული, მათ ნაკლებად მიეცემათ საშუალება, რომ ისეთი მიმართულება მისცენ ამ ყველაფერს, როგორიც თვითონ უნდათ. მოუწევთ რეალური მიმართულებით წარმართვა",- ამბობს გიორგი გაბუნია. 

2020 წლის 15 ივნისს ცნობილი გახდა, რომ 12 ივნისს სუს-ის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული კაცი, რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი საქართველოში გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ინფორმაციას თავდაპირველად ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა, მოგვიანებით მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დაადასტურა, რამდენიმე საათში კი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა და მიუთითა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და, შედეგად, ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

2019 წლის ივლისში რუსთავი 2-ის მაშინდელმა წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. ასევე, გაბუნიას ეს გამოსვლა დაგმო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურნენ. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".

კადიროვმა გაბუნიას მიმართ მუქარა 16 ივნისსაც გაიმეორა და თქვა, რომ "გიორგი გაბუნიას, როგორც აქამდე ვამბობდი, უჯობს, მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარის გამო. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი".

ყველა ამ გარემოების მიუხედავად, არც პრემიერმინისტრმა გახარიამ, არც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, არც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და არც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გაბუნიას საქმის შეფასებისას რუსეთი არ ახსენეს და აქცენტი "საქმის ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე" გააკეთეს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი თქვა, რომ სხვა ქვეყნის დადანაშაულების უფლება არ აქვს.

კომენტარები