ტაივანი - ჰონგ-კონგი

ტაივანში პოლიტიკური მიზეზების გამო წასული ჰონგ-კონგელებისთვის ორგანიზაცია 1 ივლისს გაიხსნება

0 კომენტარი
ტაივანი, თაიფეი. ფოტო: Yahoo

ჰონგ-კონგელებს, რომლებიც პოლიტიკური მიზეზების გამო ქალაქის დატოვებას გადაწყვეტენ, ტაივანი დაეხმარება, მათ შორის, დასაქმების და მოქალაქეობის მიღების მხრივ.

ჩინეთმა ჰონგ-კონგში ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტები წარადგინა, რომელთა მიღევის შემთხვევაში ავტონომია, ფაქტობრივად, დასრულდება.

ტაივანი ქალაქიდან წამოსულთათვის და ასევე თავშესაფრის მაძიებელი ჰონგ-კონგელებისთვის ორგანიზაციას 1 ივლისს გახსნის. 

ამის შესახებ ტაივანში კონტინენტური ჩინეთის საქმეთა საკონსულოს მინისტრმა, ჩენ მინგ-თონგმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალ ოფისში ჰონგ-კონგელებს, რომლებიც ტაივანში სწავლას, მუშაობას, ინვესტიციის ჩადებას, მოქალაქეობის მიღებას დააპირებენ, სხვადასხვა საკონსულტაციო დახმარებას გაუწევენ.

ამას გარდა, იმ ჰონგ-კონგელებს, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ, ორგანიზაცია ჰუმანიტარულ დაეხმარებას გაუწევს, თუკი  განხილვის შედეგად გადაწყდება, რომ ისინი ტაივანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. 

ტაივანის სამოქალაქო უფლებების ჯგუფებმა მმართველ პარტიას მოუწოდეს, რომ კანონში ცვლილებები შეიტანონ, რათა ჰონგ-კონგელ დისიდენტებს, რომლებიც ტაივანში თავშესაფარს ეძებენ, უკეთ დაეხმარონ. ისინი ითხოვენ, რომ მთვრობამ ამისთვის ნათელი მექანიზმი შეიმუშაოს.

ჩენის განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთათვის ამჟამინდელი კანონები დამაკმაყოფილებელია. საკონსულო აცხადებს, რომ ტაივანში ჰონგ-კონგელებს მოქალაქეობის მიღება ყველა სხვა მოქალაქეობის მქონე პირთან შედარებით უფრო ადვილად შეუძლიათ. 

ჯერჯერობით უცნობია, დაწესდება თუ არა  ჰონგ-კონგიდან ტაივანში ჩასულთა რაოდენობის ზედა ზღვარი. ოთხი თვის განმავლობაში ჰონგ-კონგელთა რიცხვი, რომლებმაც ტაივანის მოქალაქეობა მიიღეს წინა წელთან შედარებით 150%-ით გაიზარდა (2 383 პირი). 

ჰონგ-კონგიდან ტაივანში უნივერსიტეტების აპლიკაციების რიცხვი 2020 წელს წინა წელთან შედარებით 62%-ით გაიზარდა. მიმდინარე კვირას ტაივანის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ ჰონგ-კონგელი სტუდენტებისთვის კვოტას გაზრდიან.

ტაივანის მსგავსად, ჰონგ-კონგელებს დახმარება ბრიტანეთმაც აღუთქვა. იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აამოქმედებს, გაერთიანებული სამეფო მზად იქნება, ქვეყნის ემიგრაციის წესები შეცვალოს.

ცვლილებებს შედეგად ჰონგ-კონგისთვის ბრიტანეთის ეროვნული ზღვისიქითა პასპორტების მქონე პირებს გაერთიანებულ სამეფოში 12 თვით შეუშვებენ და შემდეგ მეტ საიმიგრაციო უფლებებს მისცემენ. მათ შორს, მუშაობის უფლებას, რის შედეგადაც, შესაძლოა, მათ მოქალაქეობა მოიპოვონ. მსგავს პასპორტს 350 000 ჰონგ-კონგელი ფლობს. ჯონსონის განცხადებით, დამატებით 2.5 მილიონ ჰონგ-კონგელს ამ პასპორტის აღება შეეძლება.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მაისში განახლდა, რისი მთავარი მიზეზიც არის ჩინეთის განზრახვა, მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში. 

კანონპროექტების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონების მიღების შემთხვევაში ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სეცესია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება ჰონგ-კონგის საშინაო საქმეებში ნებისმიერი საგარეო ძალის ჩარევა, ტერორიზმი და ყველა ქმედება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.

ახალი კანონებით, შესაძლოა, პეკინმა ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება. 

ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის შეთანხმებით – "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის მხრიდან გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

ჰონგ-კონგში დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ კანონპროეტების საბოლოოდ მიღება "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

აშშ-ში უკვე განაცხადეს, რომ ჰონგ-კონგი ავტონომია აღარ არის. ჰონგ-კონგის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმება და ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება დააანონსა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები