8 მარტის შეთანხმება

ბორელი: ევროკავშირი ახლოდან დააკვირდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებულ შეთანხმებას ეხმაურება, რომელსაც ის "ისტორიულ მიღწევას" უწოდებს.

ბორელი წერს, რომ იმედი აქვს, რომ საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილებებს საყოველთაო მხარდაჭერა ექნება:

"8 მარტის შეთანხმება საქართველოში ისტორიული მიღწევა იყო. ვიმედოვნებთ, რომ ყოველი მხრიდან ვიხილავთ ახალი საარჩევნო სისტემისთვის კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერას. ევროკავშირი დააკვირდება 8 მარტის პირობების შესრულებას არჩევნებთან დაკავშირებით."

8 მარტის შეთანხმება, რომელიც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ელჩების ჩართულობით გააფორმეს, საარჩევნო ცვლილებების გარდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც გულისხმობდა. საერთაშორისო პარტნიორებისა და ოპოზიციის ზეწოლის ფონზე პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა ბოლო პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომელზეც იყო საუბარი შეთანხმებაში, კვლავაც პატიმრობაში რჩება.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გიორგი რურუას არ გაათავისუფლებს, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

დღეს, 19 ივნისს, კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს დიალოგის ფასილიტატორებმა. ისინი ხელმომწერ მხარეებს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ. ელჩები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შეთანხმებული პირობა "გულისხმობდა იმ ქმედებებზე რეაგირებას, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციად". ფასილიტატორების თქმით, ამ საკითხს კვლავაც ექნება კრიტიკული მნიშვნელობა მოახლოებული არჩევნების პერიოდში და მის შესრულებას უწყვეტად და ყურადღებით დააკვირდებიან.

 

კომენტარები