ბრაზილიაში Covid-19-ის დადასტურებულმა შემთხვევებმა 1 მილიონს გადააჭარბა

Teletrader

ბრაზილიაში ახალი კორონავირუსის 1 032 913 შემთხვევა დადასტურდა. სხვა ქვეყნების ოფიციალურ სტატისტიკასთან შედარებით, ბრაზილია შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში ერთ დღეში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი, 54 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. 

ბრაზილიაში უკვე მეოთხე დღეა, ახალი ვირუსით დღეში 1 200-ზე მეტი ადამიანი კვდება. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაახლოებით 49 000 ადამიანი გარდაიცვალა. 

ბრაზილიაში ვირუსის დიაგნოსტიკის საკმარისი ტესტები არ არის და ამიტომ, შესაძლოა, ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყოს. ქვეყანაში ვარაუდობენ, რომ პანდემია პიკს რამდენიმე კვირაში მიაღწევს.

ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, ჩილესა და პერუში. მექსიკა სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა. ქვეყანაში ვირუსს 20 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

პანდემიის დროს ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსანოროსთან დაპირისპირების გამო თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის ორმა მინისტრმა. 

ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი ნელსონ თაიჩი პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროსთან კორონავირუსის საკითხზე უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა. ის მინისტრის პოსტს თვეზე ნაკლებ ხანს იკავებდა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო ბოლსონარომ დაითხოვა.

ჯანდაცვის მინისტრი პრეზიდენტს კორონავირუსის სამკურნალოდ მალარიის სამკურნალო პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქვინის, იმავე პლაქვენილის ფართოდ გამოყენების საკითხზე არ ეთანხმებოდა. მათი შეხედულებები განსხვავდებოდა ეკონომიკის გახსნის საკითხშიც.

გასულ კვირას ბოლსანორო ამბობდა, რომ არსებული შეზღუდვების შედეგად ქვეყანაში ეკონომიკის ფასმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებს გაუსწრო.

მსოფლიოში კორონავირუსი ოფიციალურად 8 663 270 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 4 627 691 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 460 012 პაციენტი.

კომენტარები