საერთაშორისო ტურიზმი

მთავრობა: საერთაშორისო ტურიზმზე გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ

ტრევის შადრევანი რომი
reuters

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, საქართველოს მთავრობა "ყურადღებით ეცნობა მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს" და საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებით გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს. 22 ივნისის სხდომაზე, საბჭოს წევრებმა ტურიზმის გახსნის მიმართულებით "ფრთხილი და ეტაპობრივი მიდგომის შენარჩუნების" აუცილებლობაზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებებს მსოფლიოში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით მიიღებენ.

"როგორც ცნობილია, საქართველოს წარმატებული მოლაპარაკებები ჰქონდა პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ისრაელსა და ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოსთან, თუმცა აღნიშნულმა ქვეყნებმა, მათ ქვეყნებში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმისა და საერთაშორისო საზღვრების გახსნის გარკვეული პერიოდით გადავადება გადაწყვიტეს. ამასთან, საქართველო ყურადღებით ეცნობა ევროკავშირში არსებულ ტენდენციებს, რომლის ფარგლებში პირველ ეტაპზე მხოლოდ შიდა საზღვრები გაიხსნა, ხოლო სხვა ქვეყნებთან მიმართებაში შეთანხმება მიღწეული არ არის და შესაბამის გადაწყვეტილებებს, საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს". – აცხადებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის გახსნა პირველი ივლისიდან იგეგმება. ამ ეტაპზე უცნობია, რომელ ქვეყნებთან გახსნის საქართველო საჰაერო საზღვრებს. ჯერჯერობით მთავრობაში ვერც იმას ამბობენ, ზუსტად რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს საქართველოში შემოსვლის მსურველმა.

კომენტარები