ეკონომიკა

ტურიზმის შემოსავალი $655 მლნ-ით შემცირდა - რა მოხდება ტურიზმის არაღდგენის შემთხვევაში

0 კომენტარი

დღეს ცნობილი გახდა, რომ უნგრული ავიაკომპანია Wizz air ქუთაისის ბაზას დროებით დახურავს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი, ანდრაშ რადო ამბობს, კომპანია ბაზას არ ხურავს, თუმცა განუსაზღვრელი დროით წყვეტს მის მუშაობას. ქუთაისში ბაზირებული ორი ავიახომალდი საქართველოდან უკვე გასულია და ბაზის მუშაობის განახლებამდე არ დაბრუნდება.

რადოს თანახმად, კომპანია არ გაათავისუფლებს ქუთაისის ბაზაზე დასაქმებულ თანამშრომლებს და მათ თავისი ქსელის სხვა ადგილებზე გადაანაწილებს.

კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აკრძალვა ერთი თვით გაახანგრძლივა. ეს კიდევ უფრო უცნაურია იმ ფონზე, რომ საქართველო მოხვდა იმ სახელმწიფოთა სიაში, რომლებთანაც ევროკავშირი საზღვრები პირველი ივლისიდან გახსნა. 

ფრენების აკრძალვა გარკვეულწილად მოულოდნელი იყო, რადგან წინა პერიოდში მთავრობის წევრები და მათ შორის პრემიერიც, ხშირად ამბობდნენ, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტებს მიიღებდა.

ტურიზმი ქვეყნის ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა. გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აქედან გამომდინარე ტურიზმის სრულად შეჩერება კიდევ უფრო დაამძიმებს, ისედაც კრიზისულ ეკონომიკურ სურათს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაისში საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობა რეკორდული 94%-ით არის შემცირებული და ჯამურად 36 358-ს შეადგენს. 

აქედან ტურისტული ვიზიტების წილი 26 503-ია, ხოლო 9 855 ერთდღიანი ვიზიტები იყო. იმავე პერიოდში საჰაერო ტრანსპორტით ქვეყანაში სულ 1 313 ადამიანი შემოვიდა, ვიზიტორების თითქმის სრული მოცულობა ქვეყანაში სახმელეთო საზღვრის გავლით შემოვიდა. 

მთავრობის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც უპრეცედენტოდ მასშტაბურ კრიზისს. 2019 წლის იანვარ-მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 1,1 მილიარდ დოლარს აღემატებოდა, ხოლო წელს ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 445 მილიონ დოლარს შეადგენს. კლება წინა წელთან შედარებით 40%-ს აღემატება, ნომინალურად კლება კი - დაახლოებით 655 მილიონ დოლარია. 

წლის პირველ ხუთ თვეში მხოლოდ ტურიზმიდან შემცირებული შემოსავალი გასული წლის მშპ-ს 3,7%-ს შეადგენს. ეროვნულ შემოსავალში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ფულად გზავნილებს უცხოეთიდან და ტურიზმის ინდუსტრიას. ამ სექტორების კომბინირებული წილი მშპ-ში დაახლოებით 15%-ია. გასულ წელს ამ დარგებიდან საქართველომ შემოსავლის სახით თითქმის 5 მილირდი დოლარი მიიღო.

რა მოხდება, თუ  ტურიზმი არ აღდგება?

19 ივნისს, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ტურიზმის სექტორის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის კვლევაში განხილულია ტურიზმის სექტორისა და საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენის რამდენიმე სცენარი. 

  • პირველი ყველაზე პესიმისტური სცენარის მიხედვით მიმდინარე წელს ტურისტული სექტორი მხოლოდ ადგილობრივი ტურისტების იმედად უნდა იყოს. მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში ორგანიზაციის პროგნოზით მშპ 10%-ით შემცირდება;
  • მეორე სცენარით, ისინი, ვინც  საზღვარგარეთ მოგზაურობდა, ზღვისა თუ მთის ადგილობრივ კურორტებზე გადანაწილდებიან. ამის მიუხედავად, კლება ქვეყნის ეკონომიკისთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება და მშპ 9,9%-ით შემცირდება; 
  • მესამე სცენარის მიხედვით, საქართველოდან გამსვლელი ტურისტების მიერ დასახარჯი თანხა მთლიანად ადგილობრივ ვიზიტებზე დაიხარჯება, მაგრამ ამ შემთხვევაში მშპ, შესაძლოა, 9,2%-ით შემცირდეს; 
  • მეოთხე სცენარი უკვე უსაფრთხო კორიდორების მეშვეობით პარტნიორ ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობას მოიცავს. ამ შემთხვევაში საერთაშორისო მოგზაურობათა რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის 25%-ს გაუტოლდება, ხოლო მშპ 7,9%-ით შემცირდება;
  • მეხუთე სცენარი საერთაშორისო ვიზიტორების 50%-ით აღდგენას ითვალისწინებს, რა შემთხვევაშიც მშპ-ს შესაძლო კლება 6,5%-ს გაუტოლდება.

წლის პირველ ხუთ თვეში მხოლოდ ტურიზმიდან შემცირებული შემოსავალი გასული წლის მშპ-ს 3,7%-ს შეადგენს. ეს კიდევ უფრო საინტერესოა, იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტის განახლებულ ვერსიაში, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს მშპ 4%-ით შემცირდება, მოსალოდნელია, რომ კლებამ ბიუჯეტის ვერსიას საგრძნობლად გადააჭარბოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები